პრაიდის კვირეული

შსს: 6 ივლისს კონტრაქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 პირი დავაკავეთ, ბრალდებულის სახით - 2

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფებების 100 წევრი ადმინისტრაციული წესით, ხოლო 2 - ბრალდებულის სახით დააკავა. შსს-ს შეფასებით, "პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი".

სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ასი პირიდან 68 ხელწერილით გაათავისუფლეს, ხოლო 32 - დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულ ორ პირს, 1989 წელს დაბადებულ ი. ყ-ს ბრალად პალიტრა ნიუსის ოპერატორზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ედება, ხოლო 1965 წელს დაბადებულ გ.შ.-ს საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინის დაზიანება.

"პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მიმდინარეობისას გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გამოეხატათ მოქალაქეებს პროტესტი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას". - აცხადებს შსს.

6 ივლისს პარლამენტის წინ მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის გაიმართა. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი-მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები