პრაიდის კვირეული

საპატრიარქო ძალადობის შემდეგ გამოხატვის შეზღუდვას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო, ღირსების მარშის წინააღმდეგ თავისივე ორგანიზებულ კონტრაქციაზე პუტინისტური ჯგუფების მიერ ძალადობრივი მოქმედებების შემდეგ, გამოხატვის შეზღუდვას ითხოვს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს თქმით, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ფიქრი, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. 

"ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დიდი ერი გადაშენებულა ამ ცოდვის გამო. რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად. ვწუხვართ, რომ  იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ამას ვემიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა. ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა  და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება". – თქვა მეუფე შიომ ქაშუეთის ეკლესიაში ქადაგებისას, პირველი არხის ინფორმაციით. 


ღირსების მარში დღეს, 5 ივლისს, ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 40-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში. 

საელჩოების ამ განცხადების შემდეგ, სამინისტრო, რომელიც ძალადობის აღკვეთაზეა პასუხისმგებელი, ძალადობა უბრალოდ დაგმეს

კომენტარები