ბელარუსი-რუსეთი

დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, პუტინი ლუკაშენკოს $500-მილიონიანი სესხით დაეხმარება

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 

ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დაშვებისა და მთავრობის კრიტიკოსი აქტივისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო დასავლეთის სახელმწიფოებმა ბელარუსს რიგი სანქციები და შეზღუდვები დაუწესეს

დასავლეთის მწვავე რეაქციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუსს $500-მილიონიანი სესხით დაეხმარება

გარდა ამისა, Financial Times-ის ინფორმაციით, იგეგმება რუსეთ-ბელარუსს შორის საჰაერო მიმოსვლების სიხშირის გაზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ახალი საჰაერო გზა ბელარუს ტურისტებს ევროკავშირის აკრძალვების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს, რადგან მათ მოგზაურობა რუსეთის გავლით შეეძლებათ. 

$500-მილიონიანი სესხი ბელარუსისთვის ივლისში გახდება ხელმისაწვდომი და ის $1-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც პუტინმა ლუკაშენკოს საპროტესტო აქციების დაწყების პერიოდში გამოუყო. 

ლუკაშენკო სოჭში პუტინთან შესახვედრად ორდღიანი ვიზიტით იყო ჩასული. შეხვედრების დროს ლიდერებმა მინსკში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება, ბელარუსის ეროვნული ავიაკომპანიისთვის ფრენაზე შეზღუდვების დაწესება, ბელარუსისთვის რუსული კრედიტის მეორე ტრანშის გამოყოფა და მინსკში რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას დაკავება განიხილეს.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რომან პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პროტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რომან პროტასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პროტასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პროტასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პროტასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

 

კომენტარები