რამან პრატასევიჩის დაკავება

უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს 

უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. შეხვედრაზე, სადაც განიხილეს მინსკის ბოლოდროინდელი მოქმედებები, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაავალა მთავრობას, მოამზადოს გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელარუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. მიზეზი მთავრობის მიერ ბელარუსი სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაკავებაა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა. ამის შესახებ ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი, გრანტ შეფსი Twitter-ზე წერს. შეფსი ასევე წერს, რომ ავიაციის უწყებას ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან არიდების განკარგულება მისცა.

23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის შეფასებით ჟურნალისტის დაკავება ოპოზიციური ხმის ჩახშობის უხეში მცდელობაა. გაერთიანება პრატასევიჩის გათავისუფლებას მოითხოვს. ევროკავშირი ინციდენტს და მასზე საპასუხო მოქმედებებს ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაგმო "ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედური და შემაშფოთებელ ქმედება". ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, "სახიფათო ინციდენტის" გამოძიებაა საჭირო.

შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოც. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანახმად,  ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია, მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის სახელის ხსენების გარეშე გამოეხმაურა.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები