რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსი აქტივისტის დასაკავებლად ლუკაშენკომ გამანადგურებლით RYANAIR-ის რეისი შეაჩერა 

რამან პრატასევიჩი
ფოტო: voanews.com

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. 

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისს #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიემგზავრებოდა, მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პრატასევიჩი დააკავეს. 

პრატასევიჩი ლუკაშენკოს ცნობილი კრიტიკოსია, რომელსაც აქტივისტური საქმიანობის გამო ბელარუსიდან გადასახლება მოუწია. ის ანტისამთავრობო Telegram არხის, Nexta-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია, რომელსაც ბელარუსი აქტივისტები საპროტესტო აქციების საორგანიზაციოდ აქტიურად იყენებდნენ. 

პრატასევიჩის არხი მთავრობის მიერ ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა შეფასებული, თავად ის კი ტერორიზმში დამნაშავე ძებნილების სიაში იმყოფება. 

ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პრატასევიჩის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, ეს "საშინელი" და უპრეცედენტო მოვლენაა.

 

კომენტარები