ბელარუსი-რუსეთი

პუტინმა და ლუკაშენკომ სოჭში RYANAIR-ის რეისის დაშვება განიხილეს და იახტით გაისეირნეს [VIDEO]

ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ორდღიანი ვიზიტით იყო ჩასული. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, შეხვედრების დროს ლიდერებმა მინსკში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება, ბელარუსის ეროვნული ავიაკომპანიისთვის ფრენაზე შეზღუდვების დაწესება, ბელარუსისთვის რუსული კრედიტის მეორე ტრანშის გამოყოფა და მისნკში რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას დაკავება განიხილეს.

"რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით წამოწეული იყო რუსეთის მოქალაქის საკითხი, რომელიც დააკავეს და ახლა საგამოძიებო იზოლატორშია. რა თქმა უნდა, მისი ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის, თუმცა ასევე ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნამდვილად აქვს ბელარუსში ცხოვრების ნებართვა". – თქვა პესკოვმა.

სოფია საპეგა ბელარუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის მეგობარი გოგოა. ის და პრატასევიჩი Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვების შემდეგ, 23 მაისს დააკავეს.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის მეორე დღეს პუტინმა და ლუკაშენკომ ზღვაზე იახტით გაისეირნეს. შეხვედრის ვიდეო სამთავრობო ტელეგრამ არხმა, Пул первого-მ გაავრცელა.

ლუკაშენკო სოჭში 28 მაისს ჩავიდა. პირველ დღეს პუტინთან შეხვედრა 5 საათს გავრცელდა. შეხვედრის დეტალები კრემლს არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება Ryanair-ის იძულებით დაშვების საკითხს, ლუკაშენკო პუტინს Ryanair-ის ინციდენტზე "საიდუმლო დოკუმენტებს" ჩვენებას გეგმავდა, რაც, მისი თქმით, რუსეთის ლიდერს დაეხმარება გაიგოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. 

"ყოველთვისაა ვიღაც, ვინც პრობლემებს გვიქმნის. იცით თქვენ მათ შესახებ, შეგატყობინებთ". - აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან საუბრისას.

2021 წელს ეს ალექსანდრ ლუკაშენკოს და ვლადიმირ პუტინის მესამე შეხვედრაა პირისპირ. პირველი შეხვედრა თებერვალში სოჭში შედგა, მეორე კი აპრილში - მოსკოვში.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რომან პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პროტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რომან პროტასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პროტასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პროტასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პროტასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები