რამან პრატასევიჩის დაკავება

ევროკავშირში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების ასაკრძალად ევროპული საბჭო ზომებს იღებს

ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის. საბჭოს გადაწყვეტილებას და მოწოდებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერი აქვეყნებს.

"ევროპული საბჭო გმობს ბელარუსის მიერ საავიაციო უსაფრთხოების დარღვევით 2021 წლის 23 მაისს Ryanair​-ის რეისის ძალისმიერად მინსკში დასმას და ბელარუსი ძალოვნების მიერ ჟურნალისტ რამან პრატასევიჩისა და სოფია საპეგას დაკავებას.

ევროპული საბჭო: 

  • მოითხოვს რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი გადაადგილების თავისუფლების გარანტიას. 
  • მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი.
  • იწვევს საბჭოს, რათა შეიმუშაონ პიროვნებების და ორგანიზაციების სიები დაუყოვნებელი სანქცირებისთვის.
  • მოუწოდებს საბჭოს, შეიმუშაოს უფრო ღრმა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას, რომ დაუყოვნებლივ წარადგინონ შეთავაზებები.
  • მოუწოდებს ევროკავშირის გადამზიდებს, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას.
  • მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს საჭირო ზომები ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის და ევროკავშირის აეროპორტებში ამ კომპანიების რეისების წვდომის შესაზღუდად.
  • სოლიდარობას უცხადებს ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გამოძევების გამო.

ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. შეხვედრაზე, სადაც განიხილეს მინსკის ბოლოდროინდელი მოქმედებები, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაავალა მთავრობას, მოამზადოს გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელარუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რამან პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის შეფასებით ჟურნალისტის დაკავება ოპოზიციური ხმის ჩახშობის უხეში მცდელობაა. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაგმო "ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედური და შემაშფოთებელ ქმედება". ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, "სახიფათო ინციდენტის" გამოძიებაა საჭირო.

შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოც. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანახმად,  ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია, მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის სახელის ხსენების გარეშე გამოეხმაურა.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები