მეწყერი

რა ეტაპზეა ვაშლიჯვრის მეწყერსაშიში ზონის გამაგრებითი სამუშაოები – კახა კალაძის განმარტება

კახა კალაძე
თბილისის მერია

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.

"როგორც საზოგადოებამ იცის, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პრობლემის მოწესრიგებაში.  ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაკვირვებას და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას. ახლა მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მას შემდეგ, რაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სრული სტაბილურობა მიიღწევა, რა თქმა უნდა, მოძრაობა ორმხრივად მაშინვე იქნება აღდგენილი". – ამბობს კალაძე. 

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურების გამო, 15 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია. 


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და, შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

8 აპრილს, თბილის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელთან, პაატა ტრაპაიძესთან ერთად მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე მიმდინარე საპრევენციო სამუშაოები დაათვალიერა. პაატა ტრაპაიძის თქმით, ამ ეტაპზე გაკეთებულია არხი, რათა ტერიტორიაზე წყალი ნაკლებად ჩავიდეს, ასევე მიმდინარეობს მეწყრის ცემენტაცია, ნაპრალები შევსებულია სპეციალური თიხით და დამონტაჟებულია მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიას 5 წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

კომენტარები