მეწყერი

ბენდელიანი: ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნებთ ბუნებრივ მდგომარეობას

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული ზონის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, დღეს, კიდევ ერთხელ დააკვირდა მეწყრულ პროცესს. თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, ჩამოთვალა ის კონკრეტული სამუშაოები, რომელსაც მერია უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით უახლოეს დღეებში დაიწყებს. 

"გუშინ იყო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მერიაში, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. გუშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს ადგილზე გავსულიყავით და ერთობლივად დაგვეთვალიერებინა. იცით, რომ ეს არის მოძრაობაში მყოფი მეწყერი და აქ მუდმივად არის გარკვეული სახის ცვლილებები. რაც შეეხება რეკომენდაციებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ძირითად, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის მოსაზრებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, წლების მანძილზე აქ მიმდინარეობდა გარკვეული სახის მშენებლობები. ჩვენი პირველი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თვითონ ამ ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია. წინაღობა გაკეთდება და ეს იქნება დროებითი. ამის შემდეგ მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები უშუალოდ მეწყრულ ადგილზე. შემდეგში მოხდება გარკვეულ უბნებზე მიწის მასების მოჭრა და გატანა.

ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაანკერება, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდის მოძრაობის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით. ეს მეთოდი არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, აპრობირებული მეთოდია, თბილისშიც არის გამოყენებული, წყნეთი-ბეთანიის მეწყრის დროს და ა.შ. ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ხოლო თვითონ მთლიანი ღონისძიებების გატარებას რა დრო დასჭირდება, ამისი თქმა ახლა არასერიოზულია". – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გელოვანი-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ამ ეტაპზე მხოლოდ უსაფრთხო ზონაში – გელოვანის ნაწილში გრძელდება. მისივე თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრთხეების საბოლოოდ ლიკვიდაციის შემდეგ.

"მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე აღდგება იმ ეტაპზე, როდესაც დავრწმუნდებით, რომ აქ გადაადგილება იქნება უსაფრთხო. სამუშაოებს რაც შეეხება, ქვედა, ანუ გელოვანის ნაწილში სამუშაოები უსაფრთხოა და იმ ნაწილში ვაგრძელებთ. რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩას, იქნება გარკვეული ტიპის სამუშაოები, მხოლოდ იმისთვის, ახლა რა ღონისძიებებიც ჩამოვთვალეთ. თვითონ ქვედა ნაწილის შეფასება გეოლოგების, ექსპერტების მიერ გაკეთებული იყო სამუშაოების დაწყებამდეც. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული სახის გავლენა შეიძლება იქონიოს აქ მიმდინარე პროცესებმა. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ყველაფრისთვის მზად ვართ". – თქვა ბენდელიანმა.

რაც შეეხება მეწყრული პროცესების საფრთხეებიდან გამომდინარე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ არსებობს და მეწყრის ზონაში მიმდინარე ყოველდღიური მონიტორინგის პარალელურად, ერთ კვირაში, დამატებითი, თანამედროვე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება.

"პირველი, რაც შემიძლია მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ვთქვათ – ახლა, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ რეალური საფრთხე დადგება, ქალაქში არსებული ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ჩვენთვის ყოველთვის მთავარი უსაფრთხოების ზომებია. შესაბამისად, ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოსახლეობას საფრთხე ექმნება, ყველგან გატარებული იქნება პრევენციული ზომები.

ასევე, მოსახლეობის უფრო მეტი ინფორმირებისთვის და გარკვეულწილად, დამშვიდების მიზნით, შემიძლია, ვთქვა, რომ აქ გამოუვალი მდგომარეობა არ გვაქვს. ჩვენს ქალაქს ახსოვს გაცილებით დიდი მასშტაბის მეწყერები და ყოველთვის იყო დაგეგმილი ეფექტური ღონისძიებები და ახლაც ასე იქნება. ეს არის ყურადღების ცენტრში, თორემ გუშინ გამთენიისას, წყნეთი-ბაგების მონაკვეთზეც მოხდა გარკვეული მასის მიწის მოცულობის დაძვრა. ჩვენ აქ პირველი დღიდან გვაქვს მონიტორინგი, ყოველდღიური და ყოველწუთიერი. ახლაც ასე მიმდინარეობს. მოსახლეობას განცდა არ დარჩეს, რომ თითქოს აქამდე მონიტორინგი არ ხორციელდებოდა. მომდევნო კვირის ბოლომდე დამატებითი მონიტორინგის სისტემა ჩამოტანილი და დამონტაჟებული იქნება". – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთვნენ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები