ნამახვანჰესი

თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე: არავის სურს რიონის წყლის თურქეთში წაღება

youtube.com

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ისაუბრა. თურქეთის ელჩი მიესალმება მთავრობის მიერ ნდობის გასაძლიერებლად და დიალოგის გასაფართოებლად მიღებულ ზომებს, მიაჩნია, რომ კომპანია ენკას, მთავრობას და ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას, უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი და პროცესი უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე.

"მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და ყველა განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი აშენდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის, ეს არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ, ყველა პროცესი ტენდერზე, შეთანხმებაზე საჭიროა, იყოს სრულად გამჭვირვალე, მე სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტიც იქნება.

მივესალმები ნდობის გაძლიერებისთვის მიღებულ ზომებს მთავრობის მიერ, დიალოგის გაფართოებას მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, განსაკუთრებით, ნამახვანში. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული, რა თქმა უნდა, არის კონტრაქტი პასუხისმგებლობასთან ერთად, ასე რომ, კომპანია ენკას, მთავრობას და ადამიანებს, ვინც აპროტესტებს, უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი, პროცესში ეს ცოტა დაგვიანდა, მაგრამ დაიწყო და მივესალმები ამას". – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ფატმა სერენ იაზგანის თქმით, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ დეზინფორმაცია და თურქეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდა, რომელიც ქვეყნის გარედან მოდის, ეტაპობრივად ქრება. 

"ამავე დროს, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია, მიზანმიმართული პროპაგანდა თურქეთის წინააღმდეგ, ასევე ჭორები, რომლებიც განკუთვნილი იყო დემონსტრანტების აგიტაციისთვის, ეტაპობრივად ქრება. თურქი ინვესტორები უკვე მეკითხებიან საქართველოში სამომავლო ინვესტიციებზე, მე ვარწმუნებ მათ და ვეუბნები, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც, ძირითადად, საქართველოს გარედან მოდის, თურქული ბიზნესების მიმართ ძალიან მეგობრული ატმოსფეროა, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ბიზნესების მიმართ, რომლებიც აქ ორმხრივი მოგებისთვის ჩამოდიან.

გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა შევახსენო ყველას, რომ 2008 წლის ომის დროსაც კი თურქულ ბიზნესებს საქართველო არ დაუტოვებიათ და ისინი აქ ჩამოდიან პროექტებით, წარმოებისთვის საქართველოში, რომ შეძლონ ორმხრივი სარგებლის მიღება, Facebook-ში ვხედავ ახალ გვერდებს, რომლებიც საუბრობენ სპეკულაციებზე, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არავის სურს რიონის წყლის თურქეთში წაღება, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე საქართველოსია". – თქვა თურქეთის ელჩმა.


რამდენიმე თვეა, რიონის ხეობაში აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

14 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება - ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტვისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნება კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების თანახმად, მთავრობამ 16 აპრილს დაყენებული პირობები არ დააკმაყოფილა და მაისში ისინი აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.

კომენტარები