ნამახვანი

მთავრობა ნამახვანჰესზე: კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვით

საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით გამოცხადდა მორატორიუმი , "ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება".

ასევე, განცხადების მიხედვით, კომპანია ენკა გააგრძელებს პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

"პრემიერმინისტრის დავალებით, კომპანია ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას,  რომელიც  შეისწავლის კონტრაქტის  პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით  იმუშავებს.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია ენკასთან. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში", - წერია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნამახვაჰენსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხსნება დამატებითი ბარიერები და შემცირდება სამართალდამცველების რაოდენობა.

"საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს  მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე  დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და  კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ", - წერია განცხადებაში.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში პერმანენტულ აქციებს თვეებია, მართავენ.

კომენტარები