ნამხვანჰესი

"დავაყენეთ 3 პირობა" – რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა ნამახვანჰესის საკითხზე

Mtavari

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. 

ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება - ეს ის პირობებია, რომლებიც, გოლეთიანის თქმით, მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყება. 

"ყველაზე კარგი ამ ამბავში არის ის, რომ, ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში იმიტომ, რომ არსებითად დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა მათი მხრიდან. ჩვენ დავაყენეთ 3 ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის: 1) შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ რკინის ბარიკადები, რომელიც დევს, 2) შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას ნამახვანში, 3) კარვები, რომელიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ.

ამ პირობებზე ველოდებით ახლა ჩვენ პასუხებს. თქვეს, რომ არ შეუძლიათ ამ მოცემულ მომენტში პასუხები გაგვცენ ყველა ამ კითხვაზე, დაკმაყოფილდება თუ არა, შესაბამისად, მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული და, ალბათ, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო და პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ რომ გადავიდეთ დიალოგის შემდეგ ეტაპზე, ეს 3 პირობა უნდა იქნას დაკმაყოფილებული მათი მხრიდან, რომ ალაგდეს ბარიკადები, სამუშაო პროცესები ხეობაში უნდა შეწყდეს და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი. ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, ხელშეკრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

გოლეთიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს, რომ სახელმწიფო ინტერესის დათმობის შემთხვევაში, ჰესი არ აშენდება.

"მათ თქვეს, რომ, კი ბატონო, შეიძლება ეს ჰესი არ აშენდეს და ამბობენ, რომ, თუ ეს პროექტი არ ითვალისწინებს სახალხო ინტერესს, არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ინტერესს, ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნა პრემიერის უშუალო წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, პროექტი არ განხორციელდება. თუ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სახელმწიფო ინტერესი დათმობილია და შევთანხმდებით მათთან, ამბობენ პირდაპირ, რომ ჰესი არ აშენდება", - ამბობს გოლეთიანი.

ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი. 


14 აპრილს, შსს-მ რიონის ხეობაშ რკინის ბარიკადები აღმართა.  

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციას ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მართავენ. დაპირისპირების მიზეზი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კომპანია ენკას მანქანის გატარება გახდა.

რიონის ხეობაში, ნამახვანჰეისის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის, 12 აპრილს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზაზე გადმოსვლის საშუალება არ მისცეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილებით მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, რადგან მდინარე რიონში წყალმა საშიშ დონეს მიაღწია.

კომენტარები