ნამახვანჰესი

"გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ გამართული აქციები გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. ჰესის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართული აქციები სუს-ის ანგარიშში ე.წ რბილი ძალის მაგალითადაა მოყვანილი.

"2021 წელს ერთ-ერთ ასეთ საკითხად გამოიკვეთა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას". – ვკითხულობთ სუს-ის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობასა და ENKA Renewables-ს შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტის შესახებ ცნობილი 24 მარტს გახდა. მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია გახდა.

საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით მიმდინარეობდა, თუმცა, ე.წ რიონის ხეობის მცველებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტდა

კომენტარები