ნამახვანჰესი

შსს-მ რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართა

ნამახვანჰესი
კადრი ვიდეოდან/ტვ.პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. სიტუაცია რიონის ხეობაში ამ დრომდე დაძაბულია. აქტივისტები ბარიკადებს მუშტებს ურტყამენ და აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სოფელ გუმათში, საპროტესტო აქციაზე ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 6 ადამიანი დააკავეს. 

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციას ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მართავენ. დაპირისპირების მიზეზი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კომპანია ენკას მანქანის გატარება გახდა.

რიონის ხეობაში, ნამახვანჰეისის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის, 12 აპრილს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზაზე გადმოსვლის საშუალება არ მისცეს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების მიზეზით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მიმდებარედ კარვების აღების გადაწყვეტილებით მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, რადგან მდინარე რიონში წყალმა საშიშ დონეს მიაღწია.

 

კომენტარები