ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

მდინარაძე: სანამ რუსების შემოშვებაზე ვიმსჯელებთ, ჟიგიმანტასის შემოშვებაზე ვიმსჯელოთ

უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტზე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პოზნერის განდევნას არა კანონის დარღვევის, არამედ მისი წარმომავლობისა და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული მოსაზრებების გამო ითხოვდა.  

"ჩვენ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა.

ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში".- ამბობს მამუკა მდინარაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა განცხადებას გულისხმობს, მდინარაძე პავილიონისის განცხადებას ინტერპრეტირებს - "აფხაზეთი დაკარგეთ და ახლა ნუ დაკარგავთ იმედსო".

პოლიტიკოსმა 21 თებერვალს საქართველოში ვიზიტის დროს თქვა: 

"თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ".


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა, უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები