ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ვლადიმირ პოზნერის მასპინძელი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი

ვლადიმირ პოზნერის მასპინძელი, ბიზნესმენი და VINOTEL-ის მესაკუთრე, ბენედიქტე(ბენო) ქაშაკაშვილი, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია – მან და მისმა მეუღლემ, თეა ჯოხაძემ, 2016-20 წლებში მმართველ პარტიას 405 000 ლარი შესწირეს.

ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. ორგანიზაციის მიხედვით, ქაშაკაშვილი, რომელიც 2016 წლის არჩევნების დროს ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო, არაერთ კომპანიაში ფლობს წილს.

მაგალითად, მის საკუთრებაშია შპს "აიღვინისახლი", რომელიც სხვადასხვა მარკებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მათ შორის სასტუმრო/რესტორანი "ვინოტელის" სახით. ამ რესტორანში 31 მარტის საღამოს რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თანხმლებ პირებთან ერთად კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დარღვევით ვახშმობდა.

ორგანიზაციის ცნობით, შპს "აიღვინისახლმა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015-2021 წლებში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებმა, როგორებიცაა თბილისის მერია, სამინისტროები, შესყიდვების სააგენტო, საქართველოს რკინიგზა და სხვა, 525 168 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ბენო ქაშაკაშვილის სასტუმროსთან, რითაც მათ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება შეისყიდეს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბენო ქაშაკაშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო შეზღუდვების შესახებ და იცოდა, რომ საღამოს 8 საათის მერე მის რესტორანს მუშაობა არ შეეძლო, მან კანონის დარღვევით სტუმრები მაინც მიიღო, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ფლანგვის დეტექტორზე დაყრდნობით, კითხვაზე, რატომ არ თქვა ბიზნესმენმა უარი კანონდარღვევაზე, რითაც თავიდან აიცილებდა ჯარიმასაც და ხალხის რისხვასაც, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მათ მოსვლა დააგვიანეს:

"დააგვიანეს მოსვლა, უარს ვერ ვეტყოდი, ყველა ყოველთვის აგვიანებს და კანონი არა შეგნებულად დაირღვა, თანაც – პირველად. ასეთ დიდ ჯარიმას არ ვიმსახურებდით, მგონია, არც – რისხვას, გამომდინარე მათი ადრინდელი ვიზიტებიდან ჩვენთან თუ სხვა სასტუმროში".

ფლანგვის დეტექტორში იხსენებენ ბენო ქაშაკაშვილის დამოკიდებულებასაც მცოცავი ოკუპაციისადმი, კერძოდ 2019 წელს მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზღვრის მორიგი გადმოწევის შესახებ განაცხადა:

"იმდენივე ტერიტორია როგორ წაგვართვეს, გადმოწიეს ჰა, ჰა 500 მეტრი. ქვეყნის 30% დავკარგეთ, ამდენი არ გვინერვიულია... როგორ მოვიქცეთ? კრემლს შევუტიოთ, თქვენმა პარტიამ შეუტიოს. როგორ შეიძლება? აიღე თოფი, ჩადი კრემლში და შეუტიე მერე, შევარდი შიგნით. ერთადერთი მთავრობაა შვიდი წლის მანძილზე, რომელიც ომში არ გაეხვა".

შსს-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 41 რუსი სტუმრიდან 32 დააჯარიმეს კარანტინის წესების დარღვევის გამო, მათ შორის იყო ვლადიმერ პოზნერიც, თუმცა 1 აპრილს რუსეთში დაბრუნებულმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში ისინი არავის დაუჯარიმებია.

 

კომენტარები