ვლადიმირ პოზნერი

საბჭოთა პროპაგანდისტი - ვინ არის ვლადიმირ პოზნერი

რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის აღსანიშნად საქართველოს ეწვია. მისი თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. ვლადიმირ პოზნერთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, პოზნერმა, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც რეგულაციების მიხედვით ღია არ უნდა იყოს. უცნობია ისიც, რა საბაბით მისცეს კომენდანტის საათის ფარგლებში გადაადგილებისთვის საჭირო საშვი როგორც პოზნერს, ისე მის რუს მეგობრებს. 

ვინ არის ვლადიმირ პოზნერი?

ვლადიმირ პოზნერი რუსი ვეტერანი ტელეწამყვანია, რომელიც, როგორც თავადვე აღიარებს, საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პრაქტიკოსი იყო. პოზნერი დაიბადა საფრანგეთში, მამამისი, ვლადიმირ პოზნერი საბჭოთა კავშირის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი იყო, ხოლო დედა, გერალდინ ლუტენი, ფრანგი კათოლიკე არკაშონიდან. პოზნერი გაიზარდა პარიზსა და ნიუ-იორკში, სადაც მან დაამთავრა სკოლა. 1952 წელს, როდესაც პოზნერი 19 წლის იყო, FBI-მ დაადასტურა, რომ ვლადიმირ პოზნერი უფროსი კგბ-ს ფარული აგენტი იყო. შედეგად, ოჯახი საბჭოთა კავშირში გადავიდა საცხოვრებლად. პოზნერმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიოლოგიის ფაკულტეტის განხრით დაასრულა. 

ვლადიმირ პოზნერის კარიერა  კგბ-ს დეზინფორმაციის დეპარტამენტში იწყება. 1961 წელს მას ინგლისურ-რუსულ გამოცემაში საბჭოთა ცხოვრება მთავარი რედაქტორის თანამდებობა შესთავაზეს, გაზეთის, რომელიც ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. 1976 წელს ის სამუშაოდ გადავიდა გამოცემა სპუტნიკში, ხოლო 1970 წელს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტში დაიწყო მუშაობა,  სადაც ამერიკულ ტალღებზე მოქმედი მთავარი პროპაგანდისტული რადიო გადაცემის მოსკოვის ხმის წამყვანი გახდა.

ვლადიმირ პოზნერი ხშირად იყო სტუმარი დასავლურ ტელეგადაცემებში და ის საბჭოთა კავშირის ისეთი ძალადობრივი ქმედებების ადვოკატად არის ცნობილი, როგორიცაა: "პრაღის გაზაფხულის" ჩახშობა 1968 წელს, ავღანეთში შეჭრა 1979 წელს და კორეული მშვიდობიანი თვითმფრინავის ჩამოგდება 1983 წელს. ამ ყველაფრის შედეგად, პოზნერი გახდა დასავლურ ტელეგადაცემებში საბჭოთა კავშირის მთავარი სპიკერი. 

აშშ-ში 7-წლიანი ცხოვრების შემდეგ, პოზნერი 1997 წელს დაბრუნდა მოსკოვში და რუსეთში გააგრძელა მუშაობა ჟურნალისტად. მან ასევე შექმნა "ჟურნალისტიკის სკოლა". ის არის რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანი.

პოზნერი ცნობილია, როგორც პუტინის მხარდამჭერი და მასთან დაახლოებული პირი. ის ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, რომ პუტინს 2004 წელს შეხვდა და მასთან ერთად 1 საათის გატარების შემდეგ თვლის, რომ პუტინი "ძალიან ინტელექტუალური პოლიტიკოსია".

"მას თავისი შარმი წამში შეუძლია, მომართოს და ასე დარჩეს შენს ტალღაზე და ის ძალიან კარგი მსმენელია. ის გისმენს და ასევე აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა". – ასე ახასიათებს პოზნერი ვლადიმირ პუტინს ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისი განვილი ცხოვრებიდან გამომდინარე, პოზნერის თქმით, ის თავს რუსად არ მიიჩნევს, არამედ ამერიკელად და ფრანგად. მიუხედავად ამისა, მისი გეოპოლიტიკური შეხედულებები, რუსეთის იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკის იდენტურია. ის მხარს უჭერს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას 2014  წელს და მას "ისტორიულ სამართლიანობად" მოიხსენიებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ყირიმი რეალურად უკრაინას არც არასდროს ეკუთვნოდა.

პოზნერი ასევე ცნობილია თავისი პოზიციებით საქართველოსა და 2008 წლის აგვისტოს ომის მიმართ. პოზნერის აზრით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, რაც სრულად, სიტყვასიტყვით იმეორებს რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვითაც, ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას, შესაბამისად, ქვეყანას ეკისრება.

პოზნერისვე თქმით, საქართველო ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. საკუთარ ვებგვერდზე განთავსებულ ერთ-ერთ ინტერვიუში, პოზნერი დეტალურად საუბრობს 2008 წლის აგვისტოს ომზე:

"მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ რეგიონს. მე ხშირად ვიმყოფებოდი საქართველოში და ჩემთვის ძალიან აშკარა იყო, რომ აფხაზებს არ სურდათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. მეტსაც ვიტყვი, მე ვიყავი მოწმე იმისა, რომ ქართველები აფხაზებს მეორეხარისხოვანი ადამიანებივით ექცეოდნენ, თითქოს, აფხაზები სულ ახლახანს ჩამოძვრნენ ხეებიდან და ა.შ.

როდესაც ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის გაფუჭდა და ის გაფუჭდა სააკაშვილის მმართველობის დროს და შეიქმნა დაპირისპირება, ზოგადად რომ ვთქვათ საომარი დაპირისპირება, მანამდე კი აფხაზეთში იყო დაწყებული სამხედრო მოქმედებები და იქ იმყოფებოდნენ ე.წ. რუსი სამშვიდობოები. ვითარება იყო მეტისმეტად არასტაბილური და აშკარაა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ძალის გამოყენებით იყო შესაძლებელი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება.


მე ვიცი, რაზე ამყარებდა ის თავის გათვლებს. ის ფიქრობდა, რომ რუსეთი პასუხის გაცემას არ დაიწყებდა, რადგანაც ეს გამოიწვევდა ძალიან ნეგატიურ რეაქციას მთელი სამყაროსგან, რუსეთი კი აფხაზეთის გამო მთელ სამყაროსთან ურთიერთობებს არ გაიფუჭებდა. და მეორე, რომ ამერიკელები დაეხმარებოდნენ. ის შეცდა, ამერიკელები არ დაეხმარნენ და რუსეთმა კი პასუხი გასცა. ეს იყო საქართველოს მიერ სამხედრო შეჭრა, რის შედეგადაც საქართველომ სამუდამოდ დაკარგა აფხაზეთი. აფხაზეთი აღარასდროს აღარ იქნება საქართველოს ნაწილი. რა თქმა უნდა, ამ გაგებით, სააკაშვილი ძლიერ "დაეხმარა" საკუთარ ქვეყანას. მაგრამ ის, ასე ვთქვათ, უცნაური ადამიანია, მხოლოდ ამით შემოვიფარგლები". – წერს პოზნერი. 

კომენტარები