მეწყერი

მერია: ინფორმაცია, რომ მეწყრული პროცესის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, სიცრუეა

Forum.ge/ნიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, რაც, მათივე ცნობით, სიცრუეა და "ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას". 

"შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია. უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო. 

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას". - წერია მერიის განცხადებაში. 

კახა კალაძე ამბობს, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით ორშაბათს, 22 მარტს გერმანიიდან სპეციალისტებს ელოდებიან. მისივე თქმით, "ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესი. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები". 


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. გუშინ, 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

"მეწყერი უკვე დაძრულია" - გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე 

 

კომენტარები