ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე გრიგოლი: ჭყონდიდის ეპარქიაში ბევრმა ვერ მიმიღო, არის აგრესია და სიძულვილი

წმინდა სინოდმა გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გაათავისუფლა და წალკის ეპარქიის მმართველად დანიშნა. ეპარქიას კი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უხელმძღვანელებს. 

როგორც მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, ის ბევრმა ვერ მიიღო, რადგან მის წინამორბედს, მეუფე პეტრე ცაავას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. 

"აქ, სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი, იმ დღიდან სამწუხაროა, ამ ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები ერთად რომ გაიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ, ერთად აღიკვეცენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. ეს აგრესია დღემდე არის. მეუფე პეტრე აქ 14 წელი მოღვაწეობდა და მე ვფიქრობ, დრო და წლები დასჭირდება, რათა ეს აგრესია განიკურნოს".- ამბობს მეუფე გრიგოლი. 

მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში მას შემდეგ მსახურობს, რაც 2019 წლის 31 ოქტომბერს საპატრიარქომ პეტრე ცაავა მღვდელმოქმედებიდან განაყენა

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წლის პირველი სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. სინოდი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას. სინოდმა განაჩინა, რომ შეიქმნას მღვდელმთავრების კომისია, რომელიც მიტროპოლიტის ქმედებებს შეისწავლის.

კომენტარები