ჭყონდიდის ეპარქია

არქიმანდრიტი: ომბუდსმენმა მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია ადამიანის უფლებები

არქიმანდრიტი ათინოგენ მდივანი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს, დაინტერესდეს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებით. საქმე ეხება სასულიერო პირების ეკლესიიდან გაძევებისა და დაკავების ფაქტებს. 

„სახალხო დამცველი ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მოგვხედოს, რამეთუ აქ დართვეული აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლებები, აღარ ვამბობ - ეკლესიის. ეკლესიის ადმინისტრაცია ჩვენ გვებრძვის. ეკლესიის ადმინისტრაციული მმართველობა, რომელიც დაკომპლექტებულია კაგებეშნიკებით, კაზაკებით, მოგვადგა და გამოგვყარა მონასტრიდან. პოლიცია ჩადგა ჩვენსა და მათ შორის და იცავს იმათ. მე ვამბობ, რომ ჩვენ აქედან არ წავალთ, აქ იქნება ყოველდღე ამნაირი ამბები. ესე იგი, ჩვენ იძულებული ვართ, ქუჩის აქციებზე გადავიდეთ ალბათ. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხარო, მაგრამ სხვანაირად უკვე აღარ შეიძლება”,- ამბობს არქიმანდრიტი ათინოგენე სალხინოს ტაძრის ეზოში. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა ისინი ამაზე  უარს ამბობდნენ. ამის გამო, 7 ნოემბერს მარტვილში 6 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კერძოდ - დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით, დამატებით ერთი პირი კი  პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის გამო დააკავეს.

დაკავებულთაგან, ორი პირის გარდა, ყველა გათავისუფლდა. განკვეთილი არქიმანდრიტის შეფასებით, პოლიციამ პირები, რომლებიც კვირას ტაძარში ეპისკოპოს სტეფანეს ყოფნას აპროტესტებდნენ, უსამართლოდ დააკავა.

კომენტარები