ანტისემიტიზმი ეკლესიაში

ევროპული საქართველო ანტისემიტიზმს გმობს და ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ანტისემიტიზმს გმობს და ითხოვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელიდან გამოიწვიოს საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ გავლენიანი სასულიერო პირისგან სამარცხვინო ანტისემიტური განცხადება. ამას შემდეგ მოჰყვა უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირისგან კიდევ უფრო უტიფარი განცხადება ანტისემიტური და სიძულვილის მქადაგებელი, იმდენად უტიფარი, რომ პირველ სასულიერო პირს მისი დაგმობა მოუწია. ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი. განსაკუთრებით ანტისემიტიზმი, მთელი კაცობრიობის უახლესი ისტორიის გამო. ეს საქციელი არის საფრთხე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის, ჩვენი ებრაელი მოქალაქეების, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ". - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, კიდევ უფრო საგანგაშო იყო თავად ლაშა ჟვანია, რომელმაც თქვა, რომ რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

"ამ ვითარებაში კიდევ უფრო საგანგაშო იყო ისრაელში საქართველოს ელჩის, ჟვანიას სამარცხვინო განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად გაამართლა ეს სასულიერო პირი. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ სამარცხვინო განცხადებას არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია ივანიშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებისგან. ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კი არა, სადღეგრძელო, სადაც მან ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა და კონკრეტულად არ დაუგმია არც საწყისი ანტისემიტური განცხადებები და არც რეაქცია მიუცია მისი უწყების მიერ დანიშნული ელჩის სამარცხვინო საქციელზე. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ეს განცხადებები არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ და საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე ხელისუფლების რეაქცია უნდა იყოს მკაფიო და ელჩი ჟვანია არ შეიძლება ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ თანამდებობაზე იყოს.

მოვითხოვთ მკაფიო პოზიციას და არა სადღეგრძელოებს, არამედ ამ განცხადების დაგმობას ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებისგან და რეაქციას ჟვანიას გამოწვევის სახით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიწვიოს ლაშა ჟვანია". - თქვა ბოკერიამ.

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. დეკანოზმა ილიამ თქვა, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან". დეკანოზი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი ფაქტებს ამბობდა და ამის გამო მას ანტისემიტიზმი დასწამეს.  

მეუფე იოანემ მისივე ეპარქიის მღვდლის ქადაგებაზე დაწერა, რომ ის "გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით".

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა 26 დეკემბერს ქადაგებაში ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI-მ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და, მათივე შეფასებით, იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზეც.

 

კომენტარები