ანტისემიტიზმი ეკლესიაში

ომბუდსმენი: საჭიროა, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაგმოს ანტისემიტური დამოკიდებულება

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის და ასევე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს.

"საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულს თავდაპირველად მხოლოდ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც ქადაგების მწვავედ შეფასების ნაცვლად, მიტროპოლიტ გამრეკელის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას ცილისწამება უწოდა. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში". – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული – ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული.

"ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება საფრთხის შემცველია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის". - წერს ომბუდსმენი.

მისივე ცნობით, აუცილებელია, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოველი საჭიროების შემთხვევაში, ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ, რაც, მათ შორის, ანტისემიტიზმის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. 

ქადაგებაში დეკანოზი ილია გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე, არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან".

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გამოეხმაურა, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხის ცნობიერებაში ანტისემიტიზმი ადგილს ვერასდროს იპოვის". გიდორი facebook-ზე წერს, რომ ის ზალკალიანის განცხადებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზე.

9 იანვარს, ევროპულმა საქართველომ მოითხოვა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელიდან გამოიწვიოს საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია. 

კომენტარები