საეკლესიო ანტისემიტიზმი

ჟვანია მეუფე იოანეზე: ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული მან გამიძლიერა

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს ანტისემიტურ ქადაგებას ეხმაურება. 

"ახალი ცილისწამებები საქართველოს ეკლესიის მსახურების წინააღმდეგ. ამჯერად საქართველოს ფარგლებს გავცდით და მთელი მსოფლიო გავაოცეთ, რომ თითქოს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ანტისემიტურ განცხადებებს ავრცელებს და ებრაელ ერს შეურაცხყოფას აყენებს!!! მაშინ, როცა მეუფე იოანე საუბრობს მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე და ციტირებას უკეთებს წმინდა ამბროსი მედიოლანელის 1600 წლის წინანდელ დიალოგს მეფესთან. შემდეგ კი სახარებიდან მათ მიმართ, ვინც ეკლესიას ცილს წამებს, მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები “ურწმუნო მოდგმის” ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და დასძენს, რომ ეს ფრაზა არ შეიძლება ეთნიკური საზომით გავზომოთ და რომელიმე ერს მივუსადაგოთ, არამედ განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე. (წაიკითხონ მარკოზის სახარება).

32 წელია ვიცნობ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა იოანეს! დღეს მადლობა მინდა ვუთხრა - ებრაელების და სხვა ერების სიყვარული და პატივისცემა ოჯახიდან თუ მომდიოდა, მეუფე იოანემ გამიძლიერა თავისი დიდი დიდსულოვნებით და კაცთმოყვარეობით. ვისაც კითხვა გაუჩნდება, ყურადღებით მოისმინოს მეუფის 20 დეკემბრის ქადაგება.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ქართველების და ებრაელების ღვთივკურთხეული მეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ, შეთხზულ ამ მტრულ ქმედებას ებრაელთა დიდი მეფის, წმინდა დავით წინასწარმეტყველის, საქართველოს ეკლესია ასე მოწიწებით, დიდი პატივისცემით რომ სასოებს და მსოფლიოში ერთადერთი მისი სახელობის ტაძარიც კი ააგო, ფსალმუნი დავუპირისპიროთ: “ არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისით; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი". - წერს ლაშა ჟვანია Facebook-ზე. 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია.     

მის ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია

კომენტარები