ანტისემიტიზმი ეკლესიაში

ქართული ოცნების ლიდერები ელჩი ჟვანიას გამოწვევაზე კითხვას გაურბიან

მეუფე იოანეს ანტისემიტური ქადაგების შემდეგ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, ანტისემიტურ ქადაგებას გამოესარჩლა და თქვა, რომ მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტურად შეფასება ცილისწამებაა. ამის გამო ევროპულმა საქართველომ მოითხოვა ლაშა ჟვანიას ისრაელიდან გამოწვევა.

ტაბულამ სცადა ლაშა ჟვანიას გამოწვევის საკითხზე ქართული ოცნების ლიდერებისთვის კითხვა დაესვა, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვას გაექცნენ.

ტაბულამ კითხვა დაუსვა ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, თუმცა თალაკვაძემ კითხვაზე პასუხი არ გასცა.

"რადგან ტაბულა ხართ, ძალიან კარგად გესმით ეს ამბავი, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და, რა თქმა უნდა, განმარტებები სასულიერო პირების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა თვითონ ეკლესიამ და ჩვენ უკვე ვნახეთ. მე, რა თქმა უნდა, დამატებით ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ". – ამბობს თალაკვაძე. 

ქართული ოცნების ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ტაბულას ჟურნალისტმა ასევე თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ლაშა ჟვანიას გამოწვევაზე კითხვა 3-ჯერ დაუსვა, თუმცა ღარიბაშვილმა კითხვაზე პასუხის გაცემას სამივეჯერ თავი აარიდა.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა 26 დეკემბერს ქადაგებაში ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI-მ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და, მათივე შეფასებით, იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზეც.

კომენტარები