საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იოანეს ანტისემიტური ქადაგება, კონსპიროლოგია და "ურწმუნო მოდგმა"

რუსთავის ეპარქია

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ანტისემიტური ქადაგება წარმოთქვა, სადაც ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია.  
 

"ამბროსი მედიოლიონელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს, ამ ადამიანებს და მათი სინაგოგა დაანგრიეს. 

აღშფოთდა ხელისუფლება, დაიჩივლეს, აგვიშენოს ახლაო. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში არ არიან ცოტანი და გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც. ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა მეუფე ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცმელს და ქრისტიანთა მდევნელს, სალოცავი როგორ უნდა ავუშენოთო, ნუ ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება, დღევანდელი ნორმებით უფლებები აქვთ. მაშინ ამბროსი ხომ ყოფილი სამხედრო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მხოლოდ მათ ჯერ გადაიხადონ, საუკუნეების მანძილზე ამდენი ქრისტიანი აწამეს, ამდენი ქრისტიანთა სალოცავი დაანგრიეს და რამდენი და რამდენჯერ... ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან, იქიდან ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო. მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, ვერ გადაიხდიდნენ. 

უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო? რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა, ძალადობდნენ ქრისტიანებზე. მაშინ ამ თემის თემის მმართველმა დაიბარა და უთხრა, პასუხი ასეთია - თქვენ იმ საუკუნეების, 2 საუკუნე მაინც გადაიხადეთ და ისინი იქიდან თქვენ გადაგიხდიანო. უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო. 

დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება სიტყვის თავისუფლება არის. როდესაც ჩვენ გვინდა რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა გრძელდება. ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. თუცა, ეკლესიისგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ". - ამბობს მიტროპოლიტი იოანე.

მიტროპოლიტის ქადაგებას თეოლოგი ბასილ კობახიძე გამოეხმაურა: 

"ანტისემიტურად იქადაგა ბაგრატის ტაძარში ქუთათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. ის ამბობს, რომ ებრაელები ურწმუნო მოდგმაა და ყოველთვის ებრძოდნენ და დევნიდნენ ეკლესიას. ებრაელები ბევრნი არიან მთელს მსოფლიოში, გავლენა ჰქონდათ და ახლაც აქვთ ხელისუფლებებზე. ებრაელების, როგორც ურწმუნო მოდგმის ანტიქრისტიანულ საქმეს დღეს აგრძელებენ ადამიანის უფლებადამცველები, რომლებიც აკრიტიკებენ საპატრიარქოს და იცავენ უმცირესობების უფლებებს. შტანდარტენფიურერ მეუფე იოანეს თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან. გელათის მეცნიერებათა აკადემიას, საპატრიარქოს განათლების ცენტრს და ქუთაისის ეპარქიას ხელმძღვანელობს თავცარიელი ბნელი ფაშისტი იოანე გამრეკელი. მე მას შევახსენებ, რომ ქრისტე კაცობრივად, ღვთისმშობელი, რომელსაც საქართველოს წილხვედრობას აიძულებენ ჩვენი ეკლესია და მთავრობა, მოციქულები, ებრაელები იყვნენ". - წერს კობახიძე.

კომენტარები