2025 წელი

ივანიშვილის ხელქვეითები, რომლებიც 2026 წელს პატიმრობაში ან პატიმრობის შიშში ხვდებიან

2025 წელი

ივანიშვილის ხელქვეითები, რომლებიც 2026 წელს პატიმრობაში ან პატიმრობის შიშში ხვდებიან

2024 წლის ბოლოს, როგორც თვითონ არაერთხელ უთქვამს, "დე ფაქტო სანქციების ქვეშ" მყოფი ოლიგარქი, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმაც დაასანქცირა. 

უკვე აშშ-ს მიერ დასანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის 31 დეკემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით პერიოდში 4 ოფშორიდან 12 კომპანია საქართველოში გადმოიტანა

2023 წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილიმა პოლიტიკაში საჯაროდ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ უკვე მიმდინარეობდა შვეიცარიულ საინვესტიციო ბანკ Credit Suisse-თან დავა, რომელსაც ივანიშვილი თავისი "დე ფაქტო სანქციების" მიზეზად ასახელებდა. 

პოლიტიკაში დაბრუნება ოლიგარქმა გუნდის კორუფციული ცდუნებისგან დაცვის მიზნით ახსნა.

"როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება" - თქვა მან 2023 წლის 30 დეკემბერს. 

პირველი, რაც პოლიტიკაში მობრუნებულმა ივანიშვილმა გააკეთა, პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლება იყო, რასაც შემდეგ არაერთი საკადრო ცვლილება და მაღალჩინოსნის დაკავება მოჰყვა.

ბრალის დადგენილებებში ძირითადად ფიგურირებს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონო ლეგალიზაცია, დიდი ოდენობით ქრთამის აღება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

2025 წლის ბოლოს დაკავებულები არიან ქართული ოცნების სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ეს უკანასკნელი მოგვიანებით 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, ბრალი წარდგენილი აქვს და 1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მკვლელობის ორგანიზებისთვის პატიმრობა დასუწრებლად შეეფარდა და ძებნა გამოცხადდა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეზე. 

ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი. დააკავა მისი ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, რომელმაც ციხეში 2 თვე გაატარა, 30 დეკემბერს კი 300 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე მიმდინარეობს არაერთი გამოძიება, დააკავეს მოქმედი საჯარო მოხელეები, მაგალითად 1-ელ აგვისტოს დააკავეს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი, თორნიკე კაპანაძე.

დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი ქართული ოცნების კიდევ ერთ ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას. ციხეშია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი გიორგი ბაჩიაშვილიც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძოლის სარჩულით ოლიგარქი აკავებს მათ, ვისაც წლების განმავლობაში ხალხის ხარჯზე გამდიდრების საშუალებას აძლევდა, იცავდა და აწინაურებდა.

ოლიგაქრის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების 2 წლის თავზე გიყვებით ქართული ოცნების მაღალჩინოსნებზე, რომლებიც 2026 წელს ციხეში ან ციხის შიშში ხვდებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე - ჩხრეკისას ამოღებული 6.5 მილიონი დოლარი და თავისუფლება 1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ტოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ/IPN

პრემიერმინისტრობიდან გადაყენების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარედ დაინიშნა. ის პოსტს 2024 წლის იანვრიდან იკავებდა. 2025 წლის 25 აპრილს კი პოლიტიკიდან წავიდა. 

"საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას დამეკისრა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე... უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე" - თქვა ღარიბაშვილმა გამოსამშვიდობებლ ბრიფინგზე. 

ღარიბაშვილი ყოფილმა თანაპარტიელებმა მადლობით გააცილეს. ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "წარმატების პიკის დროს უნდა წახვიდე და არა, როცა პარტიას უჭირს".

"მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია, წარმატება ვუსურვო მას, მის ოჯახთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ამ შემთხვევაში, როგორც არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში" - თქვა პაპუაშვილმა 25 აპრილს.

პოლიტიკიდან წასული ღარიბაშვილი საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, 4 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე გამოჩნდა და ჟურნალისტების კითხვების პასუხად თქვა - "საცოდავები ხართ, თქვენ ხართ მთავარი "ფეიქერები" და მატყუარა ტელევიზიები".

17 ოქტომბერს ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები ჩატარდა.

ჩხრეკების შედეგად ამოღებული ნივთები/სუს

18 ოქტომბერს სუს-მა ჩხრეკებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და ვიდეომასალა გაავრცელა. უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:

  • ნაღდი ფული - 7 002 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი.
  • 198 ძვირფასი ნაკეთობა და საათი, 
  • ძვირადღირებული ნახატები, 
  • დოკუმენტაცია - რამდენიმე ათასი ფურცელი,
  • 50 მობილური ტელეფონი,
  • 119 ელექტრო მოწყობილობა.

აღნიშნული 7 მილიონი აშშ დოლარიდან 6.5 მილიონი ამოღებულია ექსპრემიერის სახლიდან. ადვოკატის განცხადებით, ოქროს ზოდები ღარიბაშვილის სახლიდან არ ამოუღიათ.

ჩხრეკების შედეგად ამოღებული ფული/სუს

22 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს, რომელმაც "სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი".

24 ოქტომბერს ექსპრემიერს "განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების" გამო ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილი 2019-2024 წლებში, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, აკრძალვის მიუხედავად, "ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს".  გამოძიების მტკიცებით, ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეჰქონდა, თითქოსდა, ოჯახის წევრებისგან ყოველწლიურად დიდძალ თანხებს იღებდა. პროკურატურის ცნობით, ამ გზით ღარიბაშვილმა 830 000 ლარი გაათეთრა.

აღსანიშნავია, რომ მედია აქტიურად აშუქებდა ღარიბაშვილისთვის მშობლების მიერ ნაჩუქარ თანხაზე ინფორმაციას, თუმცა მაშინდელმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და მისმა ხელმძღვანელმა, რაჟედენ კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციაში ხარვეზები ვერ იპოვეს. 

"გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.

პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.

ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად" - წერია ღარიბაშვილის ბრალდებაში. 

"დანაშაულის აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის" გამო, პროკურატურამ ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება და მისთვის პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა. 

"ვეთანხმები, რა თქმა უნდა, სათქმელი არ მაქვს" - თქვა ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე.

14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა მილიონიანი გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო.

2024 წლის 1-ელ თებერვალს,  ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს და რატომ დაატოვებინა პრემიერმინისტრის პოსტი, უპასუხა: "რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია".

ქოლ-ცენტრების მფარველობა, ქრთამის აღება - სუს-ის ყოფილი უფროსის საქმე 

სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი

ზუსტად არ ვიცით, რა ამოიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სახლიდან ზემოთხსენებული ჩხრეკის ფარგლებში. მაგრამ ვიცით, რომ სხვადასხვა საქმეზე დაკავებულები არიან ლილუაშვილი, მისი ნათესავები და უახლოესი გარემოცვის წევრები.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 6 წლის განმავლობაში, 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე იყო. 

2025 წლის 2 აპრილს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს გაყოფდნენ. მაშინ კობახიძემ თქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს დანიშნავდა. ლილუაშვილის პოსტი ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, რომელიც ზაფხულში მამუკა მდინარაძით ჩაანაცვლეს.

 4 აპრილს კობახიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ლილუაშვილი მინისტრად აღარ დაინიშნება. რეგიონული განვითარების მინისტრის პროსტს კახაბერ გულედანი დაიკავებს, რომელიც იქამდე კახა კალაძის მოადგილე იყო. კობახიძის განმარტებით, ლილუაშვილთან "მოადგილეების თემაზე" ვერ შეთანხმდა. 

გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურა ლულუაშვილს ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდს ედავება, მათ შორის:

პირველი ეპიზოდი: პროკურატურის ცნობით, 2022 წლის ოქტომბრში ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამად აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, “რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის”.

მეორე ეპიზოდი: უწყების ცნობითვე, 2022 წლის თებერვალში, კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია "ექსპრესსერვისი 2008-ის" დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.

მესამე ეპიზოდი: პროკურატურის ცნობით, 2021-2023 წლებში "საქართველოში დარჩენილი ქოლ ცენტრების მცირე ნაწილის" მფარველი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, "რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა".

უწყების განცხადებით, ქოლ-ცენტრებიდან გრიგოლ ლილუაშვილმა, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით ქრთამად, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

მეოთხე ეპიზოდი: "გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა".

პროკურატურის ცნობით, "ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები". 

გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ანდრია ლილუაშვილი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 23 ოქტომბერს დააკავეს. ადვოკატის ცნობით, ანდრია ლილუაშვილის სახლიდან ჩხრეკის შედეგად თანხა არ ამოუღიათ. 

იქამდე, 22 ოქტომბერს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. კობა ხუნდაძის ძმა, ვლადიმერ ხუნდაძე ლილუაშვილის მეჯვარე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 1-ელ ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 

ვლადმიერ ხუნდაძე ბრალდებულია გორში ძვირადღირებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების ფაბრიკაციის საქმის ფარგლებში. 17 სექტემბერს საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო, კერძოდ, არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი, რომელებსაც გორში უკანონოდ ამზადებდნენ. დააკავა 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი, რომელსაც 24 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

რაც შეეხება კობა ხუნდაძეს, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.

ხუნდაძის და ჩოხელის ჩხრეკისას ამოღებული თანხა/პროკურატურა

უწყების ცნობით, კობა ხუნდაძემ შემუშავებული სქემით 2017-2025 წლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავალი გაათეთრა.

ასევე ძებნაა გამოცხადდა გრიგოლ ლილუაშვილის კიდევ ერთ ახლობელზე, ქართული ოცნებიდან ვანის საკრებულოს ყოფილ დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძეზე. ლილუაშვილი პაიკიძის შვილის ნათლიაა. 

სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს. კვარაცხელიამ 18 ნოემბერს ბრალი აღიარა, ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა დასუწრებლად შეეფარდა და ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა.

8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე 

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში არაერთხელ ნახსენები რომეო მიქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. 

რომეო მიქაუტაძე სასამართლო პროცესზე

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე TV იმედის ეთერში ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა. 

მიქაუტაძის დაკავებიდან 3 დღეში, 24 ივნისს, კობახიძემ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მარიამ ქვრივიშვილით შეცვალა. 

მიქაუტაძეს თავდაპირველად 2 556 192 ლარის უკანონო ლეგალიზაციას ედავებოდნენ, საქმის მიმდინარეობისას კი, თანხის ოდენობა გაიზარდა. პროკურორის მიერ 30 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "გამოძიებით დადასტურდა, რომ მან, დაახლოებით, 8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა".

პროკურატურის თანახმად: 2021 წელს მიქაუტაძე  დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი. გამოძიების მტკიცებითვე, 2023 წელს მიქაუტაძის ცოლმა, საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, 599 955 ევრო გადარიცხა. აღნიშნული თანხა მან ანგარიშზე 2023 წლის 26 ივნისს ნაღდი ფულის სახით შეიტანა.

"ვინაიდან აღნიშნული 600 000 ევროს (1 713 600 ლარის) ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების შეთანხმების შედეგად, დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.

ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე". - წერს პროკურატურა. 

24 ივნისს, ივანიშვილის სუს-ის მაშინდელმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა მიქაუტაძის საქმეზე თქვა: - "შესაძლებელია, კითხვებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა სუს-ის კონტროლს მიღმა".

ოთარ რომანოვ ფარცხალაძის საქმე - შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად დასახელებული ყოფილი მთავარი პროკურორი

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე

17 ოქტომბერს ქართული ოცნების ყოფილი მთავარი პროკურორის, აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუს-ქართველი ოლიგარქის, ოთარ ფარცხალაძის და მისი გარემოცვის წევრების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, უკვე 22 ოქტომბერს, პროკურატურამ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 904 900 აშშ დოლარი ამოიღო.

ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა/პროკურატურა

აღნიშნულ საქმეზე ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი წარდგენილი არ აქვს. 

29 დეკემბერს, ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახსნილია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე. შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად უწყებამ ქართული ოცნების ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე დაასახელა. მას ბრალდება სსკ-ის 25/109-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

30 დეკემბერს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადაა. ყოფილი მთავარი პროკურორი საქართველოში არ იმყოფება, მას შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობაც.

გამოძიების თანახმად, “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მის ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს.

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური”. 

ოთარ რომანოვ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ. გაერთიანებულმა სამეფომ ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო 2025 წლის 19 სეტემბერს დაასანცირა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კი - 2023 წლის 14 სექტემბერს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

აშშ-ს სანქციების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რათა ფარცხალაძისთვის დაკისრებული შეზღუდვების აღსრულება შეეჩერებინა. 

2023 წლის 18 სექტემბერს ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

თუმცა, 2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნადა, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

კობახიძემ 2023 წლის 19 სექტემბერს ფარცხალაძესთან დაკავშირებით ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას "მტკიცებულებები სჭირდება" და "არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი".  

ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი გარემოცვის და თავდაცვის სამინისტროდან გაფლანგული მილიონების საქმე

2021 წლის 22 თებერვალს, რამდენიმე დღით ადრე მეორედ გაპრემიერებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის ადგილმონაცვლედ, ანუ თავდაცვის მინისტრად, ჯუანშერ ბურჭულაძე დანიშნა. ბურჭულაძე თანამდებობას თითქმის 3 წლის განმავლობაში იკავებდა, კობახიძის კაბინეტში მისი ადგილი აღარ მოიძებნა და 2024 წლის 8 თებერვალს ირაკლი ჩიქოვანით ჩაანაცვლეს.

2025 წლის 27 ივლისს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა. 

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა

პროკურატურის ცნობით, 2023 წელს ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის ცოლის ძმის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული ტომოგრაფის აპარატი თავდაცვის სამინისტრომ 3 940 000 ლარად იყიდა.
 
1-ელ აგვისტოს ბურჭულაძემ დაკავებებზე თქვა, რომ არ ჰგონია "საქმე პოლიტიკური იყოს" და მას ან ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე

ერთი თვის შემდეგ, 11 სექტემბერს იგივე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ბრალდებით ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს - მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი 1 333 728 ლარით ძვირად თავდაცვის სამინისტრომ ბურჭულაძის მითითებით შეისყიდა. 

უწყების ცნობით, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 

"ვინაიდან, ბურჭულაძესა და მის ცოლს ამ თანხის კანონიერი წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ ფულის რეალური წარმომავლობის დამალვა-შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის ცოლსა და მესამე პირს შორის, წყნეთში მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. რეალურად კი, ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო. ამასთან, დამატებით გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც. ბურჭულაძემ 1 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბურჭულაძის დაკავებას სამთავრობო TV იმედის ეთერში იმავე დღეს გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმით,  "ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ". 

ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა. ყოფილი მინისტრი ბრალს არ აღიარებს. 

"არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში" - თქვა მან სასამართლო პროცესზე. 

19 სექტემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი, ნუგზარ ცაბაურაშვილი და კიდევ 2 პირი დააკავეს. უაქციზო სიგარეტების საქმეში ასევე ფიგურირებს ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. 

გამოძიების ცნობით, ვასილ მხეიძემ  2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში “მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში” აწარმოებდა უაქციზო თამბაქოს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები". - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ბურჭულაძის აღკვეთის ღონისძიება 8 დეკემბერს გადაისინჯა, ის კვლავ პატიმრობაში დატოვეს. პატიმრობაში რჩება ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეც. გიორგი ხაინდრავას 100 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა, ვლადიმერ ღაუდუშაურს კი 10 000-ის. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმეები

30 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, დააკავეს მისი ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. კობა გაბუნიას 30 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 300 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე კობა გაბუნია

საგამოძიებო სამსახურს ქარსელაძის სახლის ჩხრეკის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია, არ დაუკონკრეტებია, ამოიღეს თუ არა რამე ან რომელ საქმეს უკავშირდება ის. რაც შეეხება კობა გაბუნიას, მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 

კობა გაბუნია მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. გაბუნიამდე 
დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, “რადგან სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან”. 

ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები. გაბუნიას დაკავება სწორედ ლაგი კაპიტალს უკავშირდება. 

გამოძიების თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა  დირექტორმა, დავით ტაბიძემ, ფონდის პროგრამის მენეჯერმა და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერმა, “კობა გაბუნიას დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისში მიღებული ავანსი მიზნობრივად დახარჯული არ იყო, 2023-2024 წლებში შპს ლაგი კაპიტალზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი. საიდანაც, ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები 9 365 801 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ".

გაბუნიას პატიმრობა პირველ ნოემბერს შეეფარდა.

10 ნოემბერს პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წელს, 21 თებერვალს  ჩანგრეული ხიდის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე, 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავეს.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი თანამდებობიდან 7 მაისს გადადგა. მაშინ ტაბულას დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თავმჯდომარის მოვალეობას სწორედ ლევან კუპატაშვილი ასრულებდა.

ჩანგრეული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე

გამოძიების თანახმად, 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია Akkord-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ხიდის მშენებლობისთვის. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოებზე ზედამხედველობას ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი ახორციელებდა. თუმცა პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში არცერთი კომპანიის ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა, "რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის."

“მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არმყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

მსგავსად შედგენილი, ყალბი აქტების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ჩანგრეული ხიდის აღდგენისთვის დამატებით 12 მილიონი დაიხარჯა. გამოძიების თანახმად, სახელმწიფოს სულ 16 მილიონ ლარზე მეტის ზიანი მიადგა.

ექსპრემიერ გახარიას საქმეები

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გერმანიიდან ერთვება წულუკიანის კომისიის სხდომას

ქართულმა ოცნებამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ ექსპრემიერსა და ერთ დროს “სუპერძალოვან მინისტრს” გიორგი გახარიას - მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 12 ნოემბერს დაიწყო, მეორე დღესვე, ორივე საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 

რამდენიმე თვეა, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გერმანიაში იმყოფება.

პროკურატურის ცნობით, "საქმე ეხება პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს".

ორივე საქმეს წინ უძღვოდა გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია, რომლის ფარგლებშიც გახარია ორჯერ გამოიკითხა.

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესზე

2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. 

2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად." 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.

2025 წლის 25 თებერვალს ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ერთ, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის წარუდგინეს. 

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, მტკვარი ჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს, რის შემდეგაც კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაწერა, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხის დირექტორმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გია ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს, 22 აგვისტოს გადადგა პენიტენციურის ხელმძღვანელი ბეჟან ობგაიძეც. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, შესაძლოა “კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”. 

29 სექტემბერს, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებაში ედებათ. იქამდე, ბაჩიაშვილს მშობლების  ანგარიშებს და აქტივებს ყადაღა დაედო.

30 სექტემბერს ბაჩიაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მისაჯეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. იმავე დღეს ბაჩიაშვილის დედას მარინა რამაზაშვილისა და მამას, ალექსანდრე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

8 ოქტომბერს, გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.  9 ოქტომბერს სუს-მა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა. უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეტრეველი შეასახლა, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს. 

10 ოქტომბერს გია ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

თორნიკე რიჟვაძის საქმე

4 აპრილს Facebook პოსტით თანამდებობიდან გადადგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

"მეშვიდე წელია, ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ,"ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის.

[...] ვრჩები "ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!" - დაწერა რიჟვაძემ სოციალურ ქსელში. 

7 მაისს, თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა “პირადი განცხადების საფუძველზე”.

7 ივლისს, დილით შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების თანახმად, რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში,  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში, მისივე იარაღით სცადა.

ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იმავე დღეს დააკავეს, მას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

იმავე დღეს, სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც მათივე მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.  სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას "კორუფციას და ბარიგების მფარველობას" აბრალდებდნენ. 

წერილში რიჟვაძე ოჯახის დაცვას სთხოვს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. გარდა ამისა, ახსენებს ალექსი ახვლედიანსაც და წერს, რომ ის არაფერ შუაშია, მისი იარაღი კი ჩუმად აიღო.

9 ივლისს თორნიკე რიჟვაძე ოჯახის მოთხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. 10 ივლისს, ივანიშვილის წარომადგენელმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "მას და მის მეგობრებს" თორნიკე რიჟვაძის მიმართ, არავითარი "პრეტენზია არ აქვთ". 

17 ნოემბერს ალექსი ახვლედიანმა დაადასტურა, რომ რიჟვაძე გერმანიაშია წასული.

"თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ არ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში, გერმანიაში...

მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. ოპერაციის მერე კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა... პირველი ოპერაციის მერე დარწმუნებული ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე და, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და ამიტომ დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში…” - თქვა ახვლედიანმა.

30 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის 2025 წლის ბოლო სხდომა გამართა და გასული წელი შეაფასა.

"მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები