ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ფარცხალაძეზე ძებნა ცხადდება – როგორ ეხმარებოდა ოცნება სანქცირებულ ყოფილ გენპროკურორს

ოთარ ფარცხალაძე

29 დეკემბერს, ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახსნილია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე. შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად უწყებამ ქართული ოცნების ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე დაასახელა. მას ბრალდება სსკ-ის 25/109-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყების ცნობით, ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ და მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ. ოთარ ფარცხალაძეს შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

ოთარ რომანოვ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ. გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე 2025 წლის 19 სეტემბერს დაასანცირა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კი - 2023 წლის 14 სექტემბერს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

აშშ-ს სანქციების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რათა ფარცხალაძისთვის დაკისრებული შეზღუდვების აღსრულება შეეჩერებინა. 

2023 წლის 18 სექტემბერს ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

თუმცა, 2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნადა, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

კობახიძემ 2023 წლის 19 სექტემბერს ფარცხალაძესთან დაკავშირებით ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას "მტკიცებულებები სჭირდება" და "არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი".  

ერონული ბანკის სპეციალური ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს, ოთარ ფარცხალაძემ მოახერხა ქონების სხვაზე გადაფორმება, მაგალითად, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე მიწა მასზე აშენებულ სამ ნაგებობასთან ერთად ქართველ-რუსმა ოლიგარქმა შვილს, ანდრია-ანზორ ფარცხალაძეს 2023 წლის 20 სექტემბერს აჩუქა. აღნიშნულ ნაკვეთზე დგას წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელების ეკლესია, სამრეკლო და კიდევ ერთი ნაგებობა.

21 სექტემბერს კი, საგამოძიებო პროექტმა Kavshirebi დაწერა, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ერთ-ერთი კომპანიის წილი შვილს აჩუქა. 

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა და ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, 2023 წლის 20 სექტემბერს სებ-ის მაშინდელმა ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც. ეროვნული ბანკი მოგვიანებით დატოვა ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.

2023 წლის 20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიზანშეწონილად თვლიან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. 22 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცლა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე სუს-ში იმყოფებოდა. 

23 ოქტომბერს მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ეხებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ, გამოძიების დეტალებზე ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ეს გამოძიება მიმდინარეა და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება".

"რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე, კაცი წასულია ხელისუფლებიდან 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს" - თქვა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის 28 სექტემბერს.

ოთარ ფარცხალაძე ქართული ოცნების მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერიდან 30 დეკემბრამდე იყო.

2025 წლის 17 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. 12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 24 ოქტომბერს უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები