გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის" - აცხადებს სუს.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

კომენტარები