დიდი ოდენობით თანხის მითვისება

ბაღების და სკოლების რეაბილიტაციის ტენდერებით მიითვისეს ₾9 მლნ-ზე მეტი - დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები არიან ა.ბ. და ბ.ბ., რომლებმაც 2023 წელს შპს ლაგი კაპიტალის მეშვეობით ბაღების რეაბილიტაცია/რეკოსტრუქციის ტენდერებში გაიმარჯვეს, ასევე უნდა აეშენებინათ 4 სკოლა. საგამოძიებოს თანახმად, სკოლები არ აშენებულა, ბაღების რეაბილიტაცია კი ამ დრომდე, არ დასრულებულა. 

უწყების ცნობით, გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს. ბრალდებულებმა მუნიციპალური განვითარების ფონდს ავანსად ჩაარიცხვინეს 11 218 380 ლარი, საიდანაც თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

"დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 2 პირი. ბრალდებულებმა ა.ბ.-მ და ბ.ბ.-მ 2023 წელს შპს ლაგი კაპიტალის მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

ამასთან სსიპ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.

გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ. თეთრ სიაში, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. 

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი 1 211 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირებზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, უწყებამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების მხილების მიზნით.

კომენტარები