ივანიშვილის რეჟიმი

არ მგონია, საქმე პოლიტიკური იყოს, მე ან ყოფილ პრემიერს გვეხებოდეს – ბურჭულაძე დაკავებებზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი კაბინეტის რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით პირეველ კომენტარს აკეთებს. 

ბურჭულაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ერთხელ შეხვდა ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს -  "ამ თემასთან დაკავშირებით აინტერესებდა მე რა ინფორმაცია მქონდა. არ მგონია რომ ეს მე ეხებოდეს ან ყოფილ პრემიერს რამენაირად".

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა სიმართლე და ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ამ საკითხში.

რაც შეეხება, მე რაც სასამართლოდან გამომდინარე გავიგე და ინფორმაცია მაქვს, ბუნებრივია ესწრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები სასამართლოს, აქ მხოლოდ და მხოლოდ თუ საბუთების გაყალბებას აქვს ადგილი, ეს შეიძლება შედიოდეს კერძო კომპანიის ინტერესებში. თეორიულად ვერ ვუშვებ, რატომ შეიძლება შედიოდეს უწყების ინტერესში, რომ კერძო კომპანიას საბუთები გაეყალბებინა.

რაც შეეხება ჩემს ნათესავს, გაყალბებაში ხელშეწყობა აქვს [ბრალდებად] მე როგორც ვიცი, ამ შემთხვევაშიც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შედიოდეს ჩემი ნათესავის ინტერესში, რომ ხელი შეეწყო ამ საბუთების გაყალბებაში, თუმცა თუ მან ასეთ რამეში მიიღო მონაწილეობა ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს" - თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ TV პირველთან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა გამოკითხვაზე ბურჭულაძემ უპასუხა:

"ზოგადად ეს გამოძიების პროცესი ისედაც გრიფიანი საქმეა, თან გაუთქმელობაა და ნუ, ამით შემოვიფარგლები".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, "ხომ არ გგონიათ, რომ თქვენზე უნდათ გამოსვლა" ბურჭულაძემ უპასუხა:

"არამგონია, რომ აქ პოლიტიკური ინტერესი, ან დავალება იყოს. ხელოვნურობის განცდა მე არ მიჩნდება". - თქვა ბურჭულაძემ.

27 ივლისს დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხით, 2023 წელს მართლსაწინააღდმეგო გაფლანგვის ფაქტს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა".

კომენტარები