გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

დაგეგმეს ცემის იმიტაცია - ბაჩიაშვილის საქმეზე პენიტენციურის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

გიორგი ბაჩიაშვილი

სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა.

უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია, რაც არ გამოუვიდათ, აღნიშნულის შემდეგ კი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კახი მეგტრეველი შეასახლეს, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა სპეციალურად დაიწყო "ურთიერთობის დაძაბვა".  

"გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს, ამის შემდეგ განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გ.ქ-მ საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე, გიორგი ბაჩიაშვილმა წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ-სთან ურთიერთობა, რასაც მოჰყვა მათ შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს. რაც თავის მხრივ, პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გ.ქ.-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს.  

საბოლოოდ, მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში. 

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი მაღალი ალბათობით, შესაძლოა ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოგვეცა" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

"გამოძიების მიერ მოპოვებულმა მასალებმა კიდევ უფრო გაამყარა ზემოხსენებული ინფორმაცია, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ  გ.ქ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, მისი ბრძანებთ, 2025 წლის ივნისში, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარე იმ საკანში სადაც იმყოფებოდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ყოველგვარი აღრიცხვის, ე.წ. გატარების გარეშე შეასახლეს სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი 2 პატიმარი ნ.ჯ. და ი.გ., რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად, აღნიშნულ საკანში დაჰყვეს 10 დღე. გ.ქ.-ს ბრძანებით, მოხდა საკნის შესასვლელი კარის სამეთვალყურეო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო აღნიშნული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა. 

ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გ.ქ.-ს ბრძანებით მთლიანად წაიშალა საკანში ზემოაღნიშნული ორი პატიმრისა და ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა.

ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივია ერთი გარემოება, ამ დრომდე არც გ.ქ.-ს და არც გიორგი ბაჩიაშვილს, როგორც გამოძიებაში, ასევე საჯარო სივრცეში არსად დაუფიქსირებიათ ზემოაღნიშნული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად საკანში ყოფნის ფაქტი. მათ ეს დაუმალეს, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბაჩიაშვილი, ისე მისი გარემოცვა, საზოგადოებასთან კომუნიცირებდა დეტალების დონეზე". - აცხადებს სუს. 

უწყების ცნობითვე, "გუშინდელ დღემდე" არცერთ მოწმეს არ უხსენებია აღნიშნული 2 პატიმრის ბაჩიაშვილთან შესახლების შესახებ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს. 

"გამოძიებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, დგინდება, რომ რეალურ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გ.ქ.-ს ბრძანებით, ბაჩიაშვილის საკნის სამეთვალყურეო კამერები გათიშეს, რათა არ მომხდარიყო ვიდეოჩანაწერის გაკეთება, შესაბამისად, არ გამჟღავნებულიყო რა მოხდა რეალურად გიორგი ბაჩიაშვილის საკანში. აღნიშნული თავის მხრივ, ადსტურებს ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტს". - აცხადებს უწყება. 

ქემოკლიძე სსკ-ის 332-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ცნობისთვის, 21 აგვისტოს  N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ასევე თანამდებობა დატოვა პენიტენციურის უფროსმაც, ბეჟან ობგაიძემ.

7 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი - ნ, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები