ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

მაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე შემხებლობაში არაა - კობახიძე გვანცელაძის საქმეზე

კახა კალაძე/ირაკლი კობახიძე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის საქმეს გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კალაძეს ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფაქტთან მიმართებით კახა კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. გამოძიება რასაც ავლენს, წინასწარი მონაცემებით, კალაძეს არავითარი შემხებლობა არ ჰქონია. 

მაგალითად, შეიძლება, კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა პრემიერმინისტრი მე ვიყავი, მაგრამ, შეიძლება, ამასთან დაკავშირებით მე არ მცოდნოდა. როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერიეთ. კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო. ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერიეთ. ესაა ჩვენი მიდგომა". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კახა გვანცელაძეს ივანიშვილის პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. გვანცელაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში ფიგურირებს.

პროკურატურის ცნობით, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კომენტარები