თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა. ბაჩიაშვილის თქმით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.
"პირველ რიგში, ყველა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს, თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. მინდა, ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაულის, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის პირადი დაკვეთით მოხდა.
24 მაისს მე საზღვარგარეთიდან გამიტაცეს. თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალებახვეული მატარეს - ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლისა და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს აირზენას თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით, მოტაცებული საქართველოში ჩამომიყვანეს". - თქვა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილმა ასევე თქვა, რომ მისი ადვოკატების მიმართვის შედეგად, მასზე ინტერპოლის ძებნა შეჩერებული იყო და ივანიშვილის მთავრობას მისი ექსტრადირებისთვის კანონიერი გზა არ ჰქონდა.
"საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური.
შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არამარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა - და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი.
მე თქვენ გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყების [საფუძვლად]. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.
დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან, თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის, ჩემი პროკურორის". - მიმართა მოსამართლე ნანა შამათავას ბაჩიაშვილმა.
27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.
მოგვიანებით, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მადლობა გადაუხადა ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის "წარმატებით ჩატარებისთვის".
მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, გიორგი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაუცვალა.
კობახიძის თქმით, ეს "მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა" და პოლოლიკაშვილის კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ მან "სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა".
"ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. მიზეზი იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს". - თქვა კობახიძემ.
თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.





