გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს – ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი იყო ბორტზე, რომლითაც ბაჩიაშვილი, მისი მტკიცებით, მოიტაცეს. 

"ყველა ნორმის დარღვევით, თავზე "მეშოკწამოფარებული", მე უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაციას, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი - ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“ - თქვა ბაჩიაშვილმა.

27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

მოგვიანებით, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მადლობა გადაუხადა ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის "წარმატებით ჩატარებისთვის".

მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, გიორგი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაუცვალა.

კობახიძის თქმით, ეს "მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა" და პოლოლიკაშვილის კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ მან "სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა".

"ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. მიზეზი იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს". - თქვა კობახიძემ.

თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

კომენტარები