სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული შპს BP TRANS-ის ყოფილი დირექტორისა და 100%-იანი წილის მფლობელის ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორის, ბექა ხუნაშვილის განცხადებით, პაიკიძე ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში 9 დეკემბერს დააკავეს.
"ბიჭიკო პაიკიძე წარმოადგენდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილ ბრალდებულს, მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, მათ შორის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს მოხდა მისი დაკავება ესპანეთის სამეფოში, კერძოდ, ქალაქ ბარსელონაში და დაიწყო მის მიმართ საექსტრადაციო პროცედურები, ამ მიზეზით გადაიდო დღევანდელი სასამართლო სხდომა გონივრული ვადით, აღნიშნულ პროცედურებში გარკვევის მიზნით". - განაცხადა პაიკიძის საქმის პროკურორმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე "ახლა დაკავებულია ბიჭიკო პაიკიძე?", პროკურორმა უპასუხა: "მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები, ეს ინფორმაციაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი. დანარჩენი ოფიციალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია".
ხუნაშვილის თქმით, ამ ეტაპზე "მთავარია, ექსტრადაცია განხორციელდეს დროულად, რათა ეს ადამიანი ჩამოვიდეს საქართველოში, გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოხდეს მისი გასამართლება ჩადენილი დანაშაულისთვის. [...]
შეიძლება, ოდესაღაც იყო თურქეთის რეპუბლიკაში, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა, ის ბარსელონაში აღმოჩნდა და იქ იქნა დაკავებული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონდა, თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი. სავარაუდოდ, როდესაც წითელი ცირკულარით დაიწყო ძებნა, უკვე იმყოფებოდა ესპანეთის სამეფოში, ეს ინფორმაცია მაქვს მე". - თქვა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა.
პაიკიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, როგორც მისთვისაა ცნობილი, პაიკიძეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული.
"ის თურქეთში ჩავიდა, მაგრამ როდესაც მისი პასპორტის გაუქმება მოხდა, ის ესპანეთში იმყოფებოდა. [...] ის დააკავეს ჩვეულებრივად, როგორც ძებნილი, მაგრამ ესპანეთის სასამართლომ არ გამოიყენა მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა". - თქვა ჭკადუამ.
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელ ბიჭიკო პაიკიძეს საქართველოში პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
18 ნოემბერს საქმეში ბრალდებულმა B.P. TRANS-ის დირექტორმა, ვალერიან კვარაცხელიამ ბრალი აღიარა. ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სუს ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას შპს BP TRANS-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. საქმეზე დაკავებულია 5 პირი, სუს-ის თქმით, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა გამოცხადდა.
- ონკოპაციენტია, ტოვებს ხოლმე საქართველოს, მკურნალობს თურქეთში – ადვოკატი პაიკიძეზე
- ₾4 მილიონის მითვისების საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა, პაიკიძეს - დაუსწრებლად
25 სექტემბერს ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინეს ბრალი. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავი არიდების ფაქტზე ბრალდებული სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელიბიჭიკო პაიკიძეზე, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.
რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – "ჯორჯიან ენერჯიმ" და "ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას 2021 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებდა.
ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე ქართული ოცნების ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.
ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.





