ბაქოსა და მოსკოვს შორის მორიგი დიპლომატიური ესკალაციის შემდეგ, ბოლო დღეებში ხშირად შეხვდებით სათაურებს, რომელთა მიხედვით რუსეთი ამიერკავკასიაში გავლენებს კარგავს. ჯერ კიდევ 2022 წლამდე ცხადი იყო, რომ რუსეთსა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება უარესდებოდა. ბაქოსა და მოსკოვის ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ერევანი კი რუსეთის მოკავშირეობას აღარ ენდობოდა.
2022 წლიდან კიდევ უფრო გაცხადდა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების გამო კრემლი აზერბაიჯანსა და სომხეთზე გავლენებს კარგავდა. პირველივე დღეებიდან ილჰამ ალიევი ყარაბაღში მოქმედებისთვის ნიადაგს სინჯავდა, რისი კულმინაციაც 2023 წლის სექტემბერში, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე კონტროლის დამყარება გახდა. სწორედ ამ მოვლენების დროს აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად რუსული სამშვიდობო კონტინგენტის 5 ჯარისკაცი, მათ შორის სამშვიდობო კორპუსის მეთაურის მოადგილე, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე 1-ელი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი მოკვდა. ამ შემთხვევის გამო ალიევმა რუსეთს მხოლოდ ბოდიში მოუხადა, მოსკოვიდან კი მომხდარს ოფიციალური პასუხი არ მოჰყოლია. საკმაოდ მაღალი რანგის სამხედროს სიკვდილზე კრემლის უმოქმედობა რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილების ცხადი ილუსტრაცია იყო. რუსულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება 2024 წლის აპრილში დაიწყო, ივნისში კი დაასრულეს.
პარალელურად, ერევანი დარწმუნდა, რომ საკუთარ უსაფრთხოებას მოსკოვს ვერ მიანდობდა. აზერბაიჯანის ძალებმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ნელი წინსვლა 2021 წელს დაიწყეს, რის გამოც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სხდომა მოიწვია. რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა უსაფრთხოების ორგანიზაციამ, რომლის წევრი ერევანიცაა, მომხდარს საკმარისი ყურადღება არ მიაქცია. ვითარება გაუარესდა 2022 წლის სექტემბერში, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებმა ფართომასშტაბური სახე მიიღო. ორივე მხარე ირწმუნებოდა, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგები 400 დაღუპულ სამხედროს აღემატებოდა. ოფიციალური ცნობებით, ბაქომ 80, ერევანმა კი 207 ჯარისკაცი დაკარგა. სომხეთში ირწმუნებოდნენ, რომ აზერბაიჯანმა მთლიანობაში მათი ტერიტორიის 215 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებები უშუალოდ ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ორგანიზაციამ არსებითად კვლავ არაფერი მოიმოქმედა. უკმაყოფილო ფაშინიანმა ამ მოვლენების შემდეგ აღნიშნა, რომ სომხეთს ОДКБ-ს წევრად აღარ მიიჩნევდა, შემდეგ კი ორგანიზაციის დატოვების შესახებ გამოაცხადეს და გადასახადის გადახდაზეც უარი თქვეს. თუმცა, სომეხი მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების სფეროში ერევანი კრემლთან სტრატეგიული ბუნდოვანებით მიდგომას აგრძელებს. მოსკოვის გავლენების შემცირების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა დატოვეს სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტები.
2022 წლიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაცვლად რუსულ ორბიტაზე დაჩქარებული დაბრუნება საქართველომ დაიწყო. ქართული ოცნების შიდაპოლიტიკური და საგარეო გადაწყვეტილებები მოსკოვში აშკარა აღფრთოვანებას იწვევდა. მათ ქება დაიმსახურეს არაერთი რუსი მაღალჩინოსნის მხრიდან, ადიდებდნენ მათ “პრაგმატულობას”. პუტინის ბრძანებით საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რომელიც გავრილოვის ღამის შემდეგ შეჩერებული იყო, აღდგა და ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი გამოცხადდა. რუსული ქალაქების მიმართულებით ფრენების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა პირადად შეაქო ქართული ოცნება და თქვა, რომ გაოცებული იყო მათი “სიმამაცით”. ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებდა დეზინფორმაციულ ცნობებს თითქოსდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დემონსტრანტებზე, საქართველოში აშშ-ს მხრიდან მთავრობის დამხობის სურვილებსა და დიდი ბრიტანეთის მიერ LGBT და ფემინისტი “ბოევიკების” მეშვეობით გადატრიალების დაგეგმვაზე. მსგავსი საინფორმაციო კამპანია ეხმაურებოდა ქართული ოცნების პროპაგანდას.
პარალელურად, რუსეთმა შეძლო და ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის შემდეგ შეინარჩუნა მოსკოვისადმი სრულად ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსთა ფრთა, ბადრა გუნბას მეთაურობით. ოჩამჩირეში დაიწყეს შავი ზღვის ფლოტისთვის სამხედრო ბაზის შენებაც, რომელიც, გუნბას მტკიცებით, “მატერიუალურ-ტექნიკური” ბაზა იქნება. აღადგინეს და აამოქმედეს ოკუპირებულ სოხუმში მდებარე აეროპორტიც.
რა უსწრებდა წინ რუსეთ-აზერბაიჯანის ბოლო დიპლომატიურ დაძაბულობას
აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური წონა წლიდან წლამდე იზრდება. ეს ქვეყანა ნელი ტემპით რეგიონულ ძალად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ მოთამაშეებს ძალის თვალსაზრისით ვერ შეედრება, ბაქოს ფაქტორის გათვალისწინება სამეზობლოს ყველა ქვეყანას მოუწევს. ეს კარგად გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთის ბოლოდროინდელ კონფლიქტში. ირანს ეშინია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია შესაძლოა ისრაელმა მის წინააღმდეგ გამოიყენოს. ეს შიში უსაფუძვლო არაა, რადგან იერუსალიმი ბაქოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორია, რომლისგანაც შეიარაღების ნაწილსაც იღებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ირანში დიდი რაოდენობით ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ რეგიონში, რომელსაც ასევე აზერბაიჯანი ჰქვია. თუმცა ბაქოსთვის რეგიონში პოზიციების მთავარი განმამტკიცებელი ფაქტორი თურქეთთან პარტნიორობა და მისი ბუნებრივი რესურსები გახდა. რომ არა ანკარასთან ახლო პარტნიორობა, ბაქო მცირე რეგიონულ ძალად ვერ გარდაიქმნებოდა. 2020 წლის, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანი აქტიურად იმყარებს საკუთარ პოზიციებს, რაც მას რუსეთთან თამამი მოქმედებების საშუალებასაც აძლევს. ხაზგასასმელია ამ ქვეყნის ეკონომიკური მნიშვნელობა მოსკოვისთვისაც, რადგან ის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წლებში აზერბაიჯანი სამხედრო თვალსაზრისით დაუახლოვდა პაკისტანსაც. პუტინის მიერ წამოწყებული ომის შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებში ბაქოს ბუნებრივი აირისადმი ინტერესი გაიზარდა. გასულ დღეებში კი აზერბაიჯანსა და სირიის ახალ ადმინისტრაციას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ამ უკანასკნელის გაზით მომარაგებას ითვალისწინებს. პოზიციების მსგავსი გამყარება ბოლო 3 წელში გახდა შესაძლებელი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მცირე ხნის შემდეგ ბაქოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაპირისპირება დაიწყო. თავდაპირველად, 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდნენ, რომ ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროები რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში მყოფ ტერიტორიაზე შევიდნენ. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ "ცალმხრივი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის რეალობას არ ასახავდა. უკმაყოფილება გამოთქვეს რუსული მხარის მიერ განცხადებაში გამოყენებულ ტოპონიმებზე, რომელსაც დასახლებულ პუნქტებს სომხური მხარე ეძახდა. ბაქომ მოსკოვისგან პირდაპირ მოითხოვა ყარაბაღიდან სომხური უკანონო შენაერთებისა და შეიარაღებული ძალების გაყვანა. მხარეებმა მსგავსი შინაარსის განცხადებები ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გაცვალეს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო აზერბაიჯანის ხისტი რიტორიკა. ამ დიპლომატიური უთანხმოების ფონზე რუსეთის დუმის დეპუტატმა, მიხაილ დელიაგინმა სამთავრობო-პროპგანდისტულ ტელევიზიაში მთავრობას, "მთიან ყარაბაღში სიტუაციის მორიგი გამწვავების გამო" აზერბაიჯანის დასჯისკენ მოუწოდა. ბაქომ პასუხი არ დააყოვნა და რუს დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
2022 წლის მარტის უთანხმოების შემდეგ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი დიპლომატიური დაძაბულობა დიდი ხნის განმავლობაში აღარ მომხდარა. 2022 წლის ნოემბერში პუტინი რუსეთში ფაშინიანსა და ალიევს შეხვდა. მან კავკასიური ქვეყნების ლიდერები ცალ-ცალკე მიიღო. განიხილეს მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობის გამწვავების ნიშნები აღარ შეინიშნებოდა. 2023 წელს, როდესაც ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებს 5 მშვიდობისმყოფელი, მათ შორის მთელი სამშვიდობო კორპუსის მეთაურის მოადგილე ემსხვერპლა, არ მომხდარა ვითარების დიპლომატიური გამწვავება ისე, როგორც ახლა ვიხილეთ. მაშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სამშვიდობოების სიკვდილში დამნაშავე სამხედროები აზერბაიჯანულმა მხარემ დააკავა. ამას გარდა, როგორც ჩანს, პუტინმა ალიევის ბოდიში მიიღო და ამავე წლის ოქტომბერში მათ შორის შეხვედრაც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს რუსი სამშვიდობოების სიკვდილის პირველი შემთხვევა არ იყო. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს რუსული სამხედრო ვერტმფრენი, შედეგად ორი სამშვიდობო დაიღუპა. გასულ დღეებში რუსი ულტრანაციონალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ამ ორ ფაქტზე და აზერბაიჯანის დასჯისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მოწოდებებს ავრცელებდნენ
2024 წლის მეორე ნახევარში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ვითარება გასულ 2 წელთან შედარებით გაუმჯობესებული ჩანდა. სავარაუდოდ, ეს მხარეების ეკონომიკური ინტერესებით იყო განპირობებული. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანს ესტუმრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ, რამდენიმე დღის შემდეგ კი თავად ვლადიმირ პუტინი. როდესაც პუტინი და ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ, მათ სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრეს. რუსეთმა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა. პუტინმა ალიევს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში რუსული ენის შესწავლაზე ყურადღების დათმობისთვის და ითქვა, რომ ორი ქვეყანა ბაქოში ერთობლივი უნივერსიტეტის გახსნაზე იმუშავებდა. ამ შეხვედრის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი დაიწყებდნენ ნავთობის თანამედროვე ტანკერების წარმოებას. შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა BRICS-ში შესვლაზე განაცხადი შეიტანა. პარალელურად, ამ დროის განმავლობაში ბაქო კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა და მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, ეს ფაქტორი მოსკოვის ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას, როგორც ჩანს, ნაკლებად ახდენდა.
ერთი შეხედვით, ორი ქვეყნის ურთიერთობა ჩვეული ტემპით გრძელდებოდა მანამ, სანამ აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის შემთხვევა მოხდებოდა. 2024 წლის 24 დეკემბერს ეს ავიარეისი ყაზახეთში, აქთაუში ჩამოვარდა. თვითმფრინავზე მყოფი 67 ადამიანიდან მხოლოდ 29 გადარჩა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა რუსეთის ქალაქებზე, მათ შორის გროზნოზეც, უკრაინულ დრონებს იერიშები მიჰქონდათ. სამოქალაქო რეისის ჩამოგდებიდან მალევე, გავრცელდა ვარაუდი, რომ კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვა იყო. ეჭვები გაამყარა ერთი დღის შემდეგ გავრცელებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებშიც თვითმფრინავის დაზიანებები ჩანდა. აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის ღიად დადანაშაულება დაიწყეს. 28 დეკემბერს პუტინმა რუსეთის ბრალი ფაქტობრივად აღიარა, თუმცა არ დაუზუსტებია რა დაემართა თვითმფრინავს. შეტყობინება კრემლმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით, პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა, რომ "ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაეროს სივრცეში მოხდა". ახსნილი იყო ისიც, რომ რეისის ფრენის დროს გროზნო, მოზდოკი და ვლადიკავკაზი უკრაინული დრონების სამიზნე იყო, რასაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა იგერიებდა. არაფერი იყო ნათქვამი თავად თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. როგორც ჩანს, ალიევი ასეთი კომუნიკაციით არ დაკმაყოფილდა. მას პირდაპირი და საჯარო აღიარება სურდა. 29 დეკემბერს ალიევმა რუსეთისგან ბოდიშის მოხდა, ბრალის აღიარება, დამნაშავეთა დასჯა და ბაქოსთვისა და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. ამას გარდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამკაცრდა.

REUTERS/Azamat Sarsenbayev
თებერვალში ყაზახეთმა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიების დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი “გარე ობიექტით” დაზიანდა. სულ მალე ცხადი გახდა, რომ მოსკოვში საკუთარი პასუხისმგებლობის საჯაროდ აღიარებას არ აპირებდნენ. კრემლის სპიკერმა თქვა, რომ პუტინი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარს არ გააკეთებდა. სწორედ თებერვალში აზერბაიჯანში რუსული სააგენტო როსსოტრუდნიჩესტვოზე დაქვემდებარებული რუსული სახლის საქმიანობის შეჩერება გამოაცხადეს. ეს დაწესებულება რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. ბაქოში გადაწყვეტილება იმით გაამართლეს, რომ საქმიანობის შეწყვეტა ამერიკულ USAID-საც მოსთხოვეს, რადგან "არ აპირებდნენ აეტანათ საგარეო ჩარევა საშინაო საქმეებში". თუმცა, რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანული სამთავრობო ტელევიზია რუსული სახლის თანამშრომლებს არამეგობრულ და ჯაშუშურ საქმიანობაში სდებდა ბრალს. გზავნილი ცხადი იყო. რუსული სახლის დახურვას უხეშად გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატი, ნიკოლაი ვალუევი. მან დამამცირებლად მოიხსენია რუსეთში მყოფი აზერბაიჯანული დიასპორა და მათი საქმიანობის შესწავლა მოითხოვა. პასუხად ბაქომ ვალუევს ქვეყანაში შესვლაა აუკრძალა, ასევე აღსანიშნავია, რომ სპუტნიკის აზერბაიჯანული რედაქცია, რომელშიც მცირე ხნის წინ დაკავებები ჩატარდა, ოფიციალურად სწორედ 2025 წლის თებერვალში გააუქმეს. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ძველებურ ნიშნულს აღარ დაბრუნებია. ვლადიმირ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის ბოლო პირდაპირი კონტაქტი 2024 წლის 29 დეკემბერს, ტელეფონზე შედგა. ამის შემდეგ ორ ლიდერს პირდაპირი ოფიციალური კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ.
რა მოხდა გასულ დღეებში
ბაქოსა და მოსკოვს შორის ბოლო დიპლომატიური ესკალაცია 27 ივნისის შემთხვევას მოჰყვა. ამ დღეს რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში პოლიციამ ეთნიკურად აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რეიდი ჩაატარა. დააკავეს რამდენიმე პირი. ორი მათგანი ძმები, ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები დაკავების დროს მოკვდნენ. რამდენიმე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დღის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღკვეთეს "ეთნიკური დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა". დაკავებულებს 2001, 2010 და 2011 წელს მომხდარ მკვლელობებში მონაწილეობას სდებდნენ ბრალად. 29 ივნისს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს საქმის 7 ფიგურანტი. სასამართლო პროცესზე წარდგენის დროს რამდენიმე ეჭვმიტანილს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა. ამას გარდა, რუსულმა ნეონაცისტურმა ჯგუფმა რუსიჩმა, რომელიც ეთნიკური ჯგუფებისადმი სიძულვილით გამოირჩევა, საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა გარდაცვლილი ძმების ცხედრების ფოტოები. სულ მცირე ერთ-ერთ მათგანს სახეზე ძალადობის კვალი ეტყობოდა.
28 ივნისს ორი აზერბაიჯანელის დაკავების დროს გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ რუსი ძალოვნების ქმედებას "მიუღებელი ძალადობა" უწოდეს, მოითხოვეს ძალის გადამეტებაზე გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების სასწრაფოდ დასჯა. ბაქოში, საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და “კატეგორიული პროტესტი” გამოუცხადეს. ამ მოვლენების ფონზე ბაქომ გააუქმა აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი, რომელიც რუსეთში უნდა გამართულიყო. ეს ღონისძება აზერბაიჯან-რუსეთის თანამშრომლობის 23-ე პარლამენტთაშორის სხდომის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. გააუქმეს კულტურული ღონისძიებებიც, რომლებიც მოსკოვის ჩართულობით იგეგმებოდა.
30 ივნისს აზერბაიჯანელმა სამართალდამცველები რუსული პროპაგანდსიტული მედია Sputnik-ის ადგილობრივი შტოს ოფისში შევიდნენ და გაჩხრიკეს. ადგილობრივი მედიები წერდნენ, რომ დააკავეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ორი თანამშრომელი. თავად Sputnik-მა გაავრცელა ცნობა, რომ დააკავეს მათი აზერბაიჯანული რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი. მათ ბრალად სწორედ ФСБ-ს აგენტობას სდებდნენ. აზერბაიჯანის შსს-ში განაცხადეს, რომ Sputnik-აზერბაიჯანის უკანონო დაფინანსებისა და საქმიანობის საქმეს იძიებდნენ. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოების დროს დააკავეს 7 პირი, აქედან ორი 4 თვით დააპატიმრეს. ეს ორი პიროვნება სწორედ ბელოუსოვი და კარტავიხი არიან. ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს და მომხდარს "ბაქოს არამეგობრული ქმედებები" უწოდეს. კრემლში იმედი გამოთქვეს, რომ აზერბაიჯანში დაკავებულებს მალე გაათავისუფლებდნენ.
1-ელ ივლისს აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ძმები საფაროვები მძიმე ტრავმების შედეგად გარდაიცვალნენ, გენერალურმა პროკურატურამ კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით საქმე აღძრა. ამავე დღეს, აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს რუსეთის სულ მცირე 8 მოქალაქე, რომლებსაც ბრალს სდებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფებში მონაწილეობასა და ნარკოტრეფიკინგში. დემონსტრაციულად გავრცელდა დაკავებულთა კადრებიც. მათ ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. იგივე რიცხვში აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა რუსი სამხედროს მაღალჩინოსნის მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის შედეგადაც 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ავიახაზების სამოქალაქო რეისი ჩამოაგდეს.

1-ელ ივლისს დაძაბულობა რუსეთის მხრიდანაც გაგრძელდა. ეკატერინბურგში ამჯერად ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს, ვორონეჟში კი რუსი ძალოვნები გავლენიანი აზერბაიჯანელი ბიზნესმენის, იუსიფ ხალილოვის სახლში შევიდნენ. ცნობების მიხედვით, შიხლინსკი სასამართლოში მოწმის სახით უნდა მიეყვანათ, თუმცა მის დაკავების ვიდეოში პოლიციის ძალადობა და მისი მანქანის დაზიანება ჩანდა. 3 ივლისს აზერბაიჯანში რუსეთის კონსული ბაქოში Sputnik-ის დაკავებულ თანამშრომლებს ესტუმრა. ცნობილი გახდა, რომ Sputnik-ის ჩხრეკის დროს დაკავებული 7 პირიდან 5 ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს.
საპასუხო მოქმედებების დროს, 4 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს, ელშან იბრაჰიმოვს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. რუსულ მედია РБК-სთან საუბარში მათი წყარო ირწმუნებოდა, რომ ეს, ესკალაციამდე, 18 ივნისს მოხდა და მიზეზი რუსეთის "ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა" იყო. 9 ივლისს იბრაჰიმოვი რუსეთიდან გააძევეს. მორიგი საპასუხო ქმედებების შესახებ ცნობა უკვე აზერბაიჯანიდან გავრცელდა. 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს წარსულში კსკ ვაგნერის რიგებში მებრძოლი ორი აზერბაიჯანელი. ამავე დღეს რუსეთში აზერბაიჯანული რძის პროდუქტების შეტანა აიკრძალა.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც სომხეთში, გიუმრიში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსეთი სამხედროების რაოდენობას ზრდიდა. მიზეზად ამიერკავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა სახელდებოდა. ГУР-ის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა ივარაუდა, რომ აზერბაიჯანთან სიტუაციის გამწვავება შესაძლოა წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ანი ბადალიანმა ამ ინფორმაციას “ყალბი” უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ტერიტორიას მეზობლების წინააღმდეგ ვერ გამოიყენებდნენ. არ გავრცელებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც ГУР-ის განცხადებას დაადასტურებდა.
ივნისის მოვლენები სომხეთში
ვითარება საინტერესოდ წარიმართა სომხეთშიც. გასულ თვეში სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. კათოლიკოს გერეგინ II-ესა და ფაშინიანს შორის შეურაცხყოფებისა და ბრალდებების გაცვლის ფონზე, 18 ივნისს დააკავეს სამოციქულო ეკლესიის მთავარი დამფინანსებელი, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი, სამველ კარაპეტიანი. მას ბრალად ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ საჯარო მოწოდება ედება. 25 ივნისს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც გადატრიალების ბრალდებით დააკავეს 15 პირი, მათ შორის ტავუშის მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი. ეს უკანასკნელი გასულ წელს სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბურ საპროტესტო აქციებს უძღვებოდა. ფაშინიანის მტკიცებით, გადატრიალებას ამზადებდნენ "კრიმინალი ოლიგარქი სასულიერო პირები". შემდეგ დღეებში დააკავეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საეჭვო წარსულის მქონე პირი, სამცხე-ჯავახეთის საქართველოსგან გამოყოფის მხარდამჭერი, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეობის მქონე ვაჰაგნ ჩახალიანი. ის მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი იყო. 2009 წელს მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანი 2013 წელს, ქართული ოცნების ამნისტიების ფარგლებში გათავისუფლდა.
ფაშინიანის ხელისუფლების მოქმედებების შეფასებას სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა. ოპონენტები და მედიის წარმომადგენელთა ნაწილი მომხდარს ოპოზიციაზე ზეწოლას უწოდებს, ზოგიც კი მიიჩნევს, რომ გადატრიალება მართლაც აღიკვეთა. ამჟამად რთულია ჭეშმარიტების გარკვევა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არც ისაა გამორიცხული, რომ სომეხი სასულიერო პირებისა და ოლიგარქების უკან მოსკოვის ინტერესები მდგარიყო. სომეხი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, არტურ საქუნცი სწორედ ამ აზრზეა. მან ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე დღით ადრე სომხეთში დააკავეს აშშ-ს მიერ პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობისთვის სანქცირებული სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქი, სამველ კარაპეტიანი. საქუნცის აზრით, მსგავსი დონის რუსი ოლიგარქი კრემლის ნებართვის გარეშე სომხეთში ვერ ჩავიდოდა და მოღვაწეობას ვერ შეუდგებოდა. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებული პირები პუტინის რეჟიმის ქმედებებს არასდროს აკრიტიკებდნენ. მისი აზრით, კრემლის მიზანია ერევანზე კონტროლი აღადგინოს მას შემდეგ, რაც ფაშინიანის მთავრობამ ევროკავშირისკენ სწრაფვა და თურქეთთან მოსკოვის შუამავლობის გარეშე მოლაპარაკება დაიწყო.

OSV News/Reuters/Melik Baghdasaryan
აღსანიშნავია რუსი პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტების გამოხმაურებები სომხეთში მიმდინარე ამბებზეც. აშკარაა, რომ მათი მიზანი საინფორმაციო ბრძოლის გაჩაღებაა. მაგალითისთვის, პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ჯერ ფაქტობრივად სომხეთის ხელისუფლებისადმი აჯანყების მოწოდება გააკეთა, შემდეგ კი ფაშინიანს “ანტიქრისტეს ანუსი” უწოდა. პირველად არ ხდება, როცა ერევნის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსი პროპაგანდისტების სამიზნე ხდება. ბოლო გამოხმაურებებს მოჰყვა სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ქვეყანაში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა შეწყვიტონ. მისივე აზრით, "გარკვეული ადამიანები" შესაძლოა ცდილობდნენ სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ფულით, რომელიც სომეხ-რუს ბიზნეზმენსს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის. რუსი პროპაგანდისტების სიტყვების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი, სერგეი კოპირკინი. მას გადასცეს ნოტა, რომელშიც დაგმობილი იყო "ცხადად არამეგობრული, ხშირად მტრული პროპაგანდა", რომელიც რუსულ მედიაში სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ვრცელდებოდა და "აქტიურად ნავთს ასხამდნენ" გარკვეული მაღალჩინოსნები. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სომხეთის ელჩი, გურგენ არსენიანიანი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა. განცხადების მიხედვით, გალუზინმა ხაზი გაუსვა, რომ "საჭიროა სომხეთში რუსეთთან და ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონსტრუქციული საინფორმაციო ფონი შენარჩუნდეს".
ბოლო ორ წელში სომხეთის ამჟამინდელმა მთავრობამ უფრო და უფრო ცხადად აიღო პროდასავლური კურსი, დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა, გაძლიერდა ვაშინგტონთან პარტნიორობა. ამას გარდა, ნელი ტემპით, თუმცა მაინც წინ მიიწევს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესი. ფაშინიანი ივნისში თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მართალია 2023 წელს სომხეთის პრემიერი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, თუმცა ეს პირველი მსგავსი ფორმატის ვიზიტი იყო. ამას გარდა, გასულ დღეებში ერდოღანმა აღნიშნა, რომ სომხეთის უფრო მოქნილ მიდგომას იჩენს ზანგეზურის დერეფნის მიმართ. ეს არის სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფანი, რომლის სომხეთისა და ირანის საზღვარზე გაყვანას აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ითხოვს. მისი მეშვეობით ქვეყნის ძირითადი ტერიტორია განცალკევებულად დარჩენილ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქედან კი თურქეთს დაუკავშირდება. 10 ივლისს, აბუ-დაბიში ფაშინიანსა და ალიევს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების გარდა ზანგეზურის დერეფნის გახსნისა და განვითარების საკითხიც განიხილეს.
ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ცნობა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. Carnegie Russia-Eurasia Centre-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ, ცნობების მიხედვით, აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შესთავაზა ზანგეზურის საკითხის მოგვარების ახალი მეთოდი, რომელშიც ჩართული იქნებიან ამერიკული ბიზნესკომპანიები. შეთავაზება წააგავს ევროკავშირის მიერ აზერბაიჯანისთვის წარსულში წამოყენებულ წინადადებას, რომლის მიხედვითაც დერეფანს კერძო უცხოური კომპანიები გააკონტროლებდნენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მედიასთან საუბარში ცნობა, აშშ-ს შეთავაზებაზე, არ უარყო და არც დაადასტურა. "სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორები რეგულარულად წარადგენენ ხოლმე საკუთარ იდეებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, მათ შორის ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახნას." - თქვა სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ისე, რომ არ დააზუსტა, შედის თუ არა აშშ “სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებში”. 11 ივლისს თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც დერეფნის ფორმირებაზე ვერ თანხმდებიან, შესთავაზეს, რომ 32-კილომეტრიანი მონაკვეთი აშშ-სთვის ასწლიანი იჯარით გადაეცათ და შედეგად ბაქოც და ერევანიც სარგებელს მიიღებდა. ტრამპის ადმინისტრაციის ზანგეზურის დერეფნით დაინტერესება და ამ საკითხის განხილვებიდან რუსეთის აბსოლუტური ჩახსნა მიუთითებს, რომ პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებული გავლენები დაკარგა.
თუ სომხეთი მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციას საბოლოოდ მოახერხებს, რუსეთი ერევანთან მიმართებით მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ბერკეტს დაკარგავს. ამჟამად ცხადია, რომ კრემლის გავლენები ამ ქვეყანაზე მცირდება, თუმცა მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის არსებობა კვლავ გასათვალისწინებელ ფაქტორად რჩება. ამის მიუხედავად, ამჟამინდელი სურათი აჩვენებს, რომ რუსეთი სომხეთში გავლენებს თანდათან დაკარგავს, თუ ხელისუფლებაში ამჟამინდელი მთავრობა დარჩება. თუმცა, მსგავსი გარემოება რუსეთს ჰიბრიდული ომის მეთოდების მეტად გააქტიურების მოტივაციასაც მისცემს.
სატყუარა საქართველოსთვის
სწორედ მაშინ, როცა მოსკოვსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ხელახლა დაიძაბა, რუსეთმა საქართველოსთვის ახალი სატყუარა გადმოაგდო. 1-ელ ივლისს რუსეთში გამართულ ღონისძიება კავკასიურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დმიტრი მასიუკი. მისი მტკიცებით, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს და მზად არიან ის "ჩრდილოეთი-სამხრეთის" სახელით ცნობილ სატრანსპორტო დერეფანში ჩართონ.
"ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პრეფერენციებით წვდომის უზრუნველყოფა, საჰაერო გადაადგილების აღდგენა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა. ცალკეული საქონლის მიწოდების მხრივ რუსეთი საქართველოსთვის კრიტიკულად აუცილებელ პარტნიორად რჩება. მზად ვართ წინსვლისთვის, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფან "ჩრდილოეთი-სამხრეთში" ჩართვამდე." - თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი არის პროექტი, რომელიც თავდაპირველად 2002 წელს, რუსეთის, ირანისა და ინდოეთის წარმომადგენლებს შორის გაფორმდა. დერეფანი, რომელიც ამ ქვეყნების ვაჭრობის გამარტივებას უწყობს ხელს, მოიცავს აზერბაიჯანის ტერიტორიასაც.
საინტერესოა, რომ, სწორედ ამავე დღეს, 1-ელ ივლისს პროკრემლისტური ალტ-ინფოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ზურა მახარაძე საკუთარ ეთერში ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანზე ალაპარაკდა. ის ირწმუნებოდა, თითქოს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის არსებული დიპლომატიური დაძაბულობა საქართველოსთვის არსებობს შანსი, რომ მოსკოვს ალტერნატივა შესთავაზოს და ამ გზის ნაწილი გახდეს.
“ჩვენ რომ ცოტა ჭკვიანურად ვუდგებოდეთ საკითხს, ჩვენთვის რა შესაძლებლობების ფანჯარა არის ეს: საქმე იმაშია, რომ რუსეთისთვის ირანთან მიმართებაში სახმელეთო კორიდორი არის კრიტიკულად აუცილებელი. აქამდე აზერბაიჯანის და კასპიის ზღვის გამოყენებით ხდებოდა ამ მარშრუტის - ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის გამოყენება. ახლა აზერბაიჯანთან სიტუაციის გართულების პირობებში, ჩვენი ხელისუფლება იმაზე რომ იყო მოტივირებული, დიპლომატიურად გადაჭრას უსაფრთხოების საკითხები, ძალიან ბევრ რაღაცაზე იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან ბევრი სარგებლის წამოღება საქართველოსთვის იმიტომ, რომ მაგ მარშრუტის ალტერნატივა არის საქართველო-სომხეთის გავლით ირანზე სახმელეთო კორიდოდი. ის, რომ ჩვენ ახლა ამ შესაძლებლობას არ ვიყენებთ, ეგ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანება.” - თქვა მახარაძემ.
ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ აზერბაიჯანი კვლავ ამ დერეფნის ნაწილია და დაძაბულობის მიუხედავად ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. გაუგებარია, რატომ უნდა შედიოდეს საქართველოს ინტერესებში ამ სადერეფნო პროექტში ჩართვა, თუ ეს ქვეყანას რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესების ფასად დაუჯდება. არანაკლებ გაუგებარია, რატომ უნდა თამაშობდეს საქართველო რუსეთისა და ირანის მაკავშირებელ როლს. აღსანიშნავია ისიც, თუ რამდენად დაბალი თანამდებობის პირმა - საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - გააჟღერა საქართველოს “ჩრდილოეთი-სამხრეთის” დერეფანში ჩართვის წინადადება. ეს ცხადად მიუთითებს, თუ რამდენად არასერიოზულია ნახსენები წინადადება. მსგავსი შეთავაზება, დაინტერესების შემთხვევაში, სავაჭრო საგანი გახდება.
მსგავსი შეთავაზებებით რუსული მხარე ცდილობს, რომ ქართული ოცნება კიდევ უფრო დაიახლოვოს. მოსკოვიდან ოცნებას აქტიურად აქებენ, თუმცა აშკარაა, რომ არსებული ურთიერთობით სრულად კმაყოფილი არ არიან და თბილისისგან მეტი სარგებლის მიღება სურთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა და სპიკერმა მარია ზახაროვამ რამდენჯერმე თქვეს, რომ მზად არიან საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, თუმცა ყოველ ჯერზე ხაზი გაუსვეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა. ეს არის ერთგვარი მოთხოვნა ქართული ოცნების მიმართ, რომელიც მათ მოუწოდებს, მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ელჩების დანიშვნა სთხოვონ. ამ ეტაპზე, ამ საკითხთან მიმართებით, ოცნების თავშეკავება შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ცხადად იციან, რუსეთის ფაქტორი ყოველთვის დიდი საპროტესტო ტალღების განმაპირობებელია და საზოგადოებაში განსაკუთრებულ ბრაზს იწვევს.
რუსეთთან დაახლოებასა და ქვეყანაში მოსკოვის გავლენების კიდევ უფრო გაზრდის სურვილთანაა დაკავშირებული საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული პარტიის ლიდერის, მამუკა ფიფიას და რუსეთში ქართული დიასპორის პრეზიდენტის, დავით ცეცხლაძის გააქტიურებაც. ბოლო თვეებში გამოჩნდა რუსეთში მოქმედი ეთნიკური ქართველი პუტინისტების სურვილიც. მათ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებით მიღება სურთ. ეს პირველად საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილმა თანამშრომელმა, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ გააჟღერა. შემდეგში, ქართულ ოცნებას მსგავსი მოთხოვნით მიმართა დავით ცეცხლაძემაც.
თუ სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ სურათს სრულად შევხედავთ, რთული იქნება იმის თქმა, კარგავს თუ არა რუსეთი საკუთარ გავლენებს მთელ რეგიონში. ეს პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეა. თუმცა ამჟამინდელი მოცემულობით ცხადად შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი დღითიდღე შორდებიან რუსულ ორბიტას, საქართველოს შემთხვევაში კი პირიქით ხდება. რადგან ბაქო მცირე რეგიონულ ძალად ჩამოყალიბდა და მას ზურგს ძლიერი პარტნიორი, თურქეთი უმყარებს, რუსეთისთვის აქ გავლენების აღდგენა შეუძლებელი გახდება. სომხეთში ვითარება ნაკლებად ცხადია - ამჟამად მოსკოვის გავლენები მცირდება, თუმცა მთავრობის ცვლილების, ან რაიმე სახის არეულობის შემთხვევაში კრემლს სამოქმედო შესაძლებლობა გაეხსნება. რაც შეეხება საქართველოს, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ქვეყანაში რუსული გავლენების ზრდა და მოსკოვთან დაახლოება მხოლოდ უფრო და უფრო აქტიურ სახეს მიიღებს.








