უკრაინის საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ 29 მაისის ღამეს რუსეთმა შავ ზღვაში თურქულ გემზე, რომელიც ოდესის ოლქის ერთ-ერთი პორტიდან თურქეთის მიმართულებით მიემართებოდა, დრონით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა და არიან დაშავებულებიც.
"ღამით მტერმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეუტია ტვირთმზიდ ANT-ს, რომელიც ვანუატუს დროშის ქვეშ დაცურავდა (გემის მფლობელი ქვეყანა — თურქეთი) და ოდესის ოლქის ერთ-ერთი პორტიდან დატვირთული თურქეთისკენ მიემართებოდა. [დრონი] გემის ზედა ნაგებობას მოხვდა რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა" - ნათქვამია საზღვაო ძალების განცხადებაში Facebook-ზე.
მათივე ცნობით, დაშავდა ეკიპაჟის ორი წევრი. აღნიშნულია, რომ ისინი უკრაინის საზღვაო ძალებმა კატერების საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ხანძრის ლოკალიზებაც სწრაფად მოხერხდა.





