რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ევროკავშირს "საქართველოს გათავისუფლება არ სურს" და ნებისმიერ ფასად აპირებს ქვეყნის "დემოკრატიული ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას".
რუსული საგარეო დაზვერვა ირწმუნება, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ პოლიტიკურ წრეებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის არაეფექტური ლიბერალური დაპირებებიდან გადავიდეს უკვე პოლიტიკურ ზეწოლაზე".
დაზვერვა აღნიშნავს, რომ "პარალელურად საქართველოში ქუჩის საპროტესტო აქციების გაღვივების მცდელობები მიმდინარეობს და დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეული მონაწილისთვის დღიურად 120 ევროს გადახდა".
"ევროკავშირის ჩინოვნიკებს დაევალათ აქტიურად იმუშაონ ქართული ოპოზიციური პარტიების – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის, საქართველოსთვის, ევროპული საქართველოსა და გირჩი – მეტი თავისუფლების გაერთიანებაზე. მათ უნდა შექმნან ერთიანი მუშტი, რომელიც მიმართული იქნება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, წინააღმდეგ" - წერია განცხადებაში.
რუსული დაზვერვის რწმუნებით, "ევროკავშირის მართულ მედიებსა და არასამთარვობო ორგანიზაციებს" გარკვეული ჯგუფის "ტვინის გამორეცხვა" აქვთ დავალებული:
"ცალკე მიმართულებად გამოყოფილია ანტისახელისუფლებო განწყობების ფორმირება ადგილობრივი ახალგაზრდობის ყველაზე აქტიურ ნაწილში – ბლოგერებში, ჟურნალისტებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებსა და, მათ შორის, რუსი რელოკანტების წარმომადგენლებში. ბრიუსელის კონტროლირებად ქართულ და ევროპულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალათ ამ ფოკუს ჯგუფის ტვინის გამორეცხვა მათთვის ერთიანი ევროპასთან თანამშრომლობის უპირატესობებისა და ქართული ოცნების მიერ არჩეული პრორუსული კურსის უშედეგობის პროპაგანდით" - წერია რუსული სამსახურების განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ წელს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული ჰქონდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.
ამასთანავე, გასული წლის სექტემბერში, რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ აშშ ეუთო/ოდირთან (ODIHR/OSCE) ერთად აპირებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას, რათა არ დაუშვას არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება.
"ამერიკელები შეთანხმდნენ OSCE-სა და ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით თანამშრომლობაზე" – ეწერა დაზვერვის განცხადებაში.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ს ჩარევასთან დაკავშირებით ეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პირველი განცხადება არ იყო. 26 აგვისტოს ისინი ამტკიცებდნენ, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს.
მანამდე, 9 ივლისს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.