სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ყოველწლიური ფულადი შენატანის გადახდაზე უარს ამბობს. ერევანმა გადაწყვეტილების შესახებ ორგანიზაციის სამდივნოს ოფიციალურად აცნობა.
"სომხეთი თავს იკავებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერისკენ და შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებისგან". - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან უწყება აღნიშნავს, რომ ОДКБ-ს შიდა წესების მიხედვით, ორგანიზაციის ბიუჯეტის დეტალები საჯარო არ არის.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ სომხეთი ОДКБ-ს მიმართ დაგროვილ დავალიანებას 2025 წლამდე არ დაფარავს, სომხეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სხვადასხვა ზომა იყოს მიღებული, თუმცა, გარიცხვა მოსალოდნელი არ არის.





