რუსეთი-საქართველო

რუსეთის დაზვერვა: აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შენობა
Ria Novosty

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს.

"ამერიკელები საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა". – წერია უწყების ანგარიშში.

დასკვნის ავტორების მტკიცებით, ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებისთვის დამკვირვებლების მობილიზებას იწყებენ. მათ გაყალბების "ეჭვგარეშე ფაქტების" გამოვლენა და დაფიქსირება ევალებათ.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ მმართველ პარტია ქართულ ოცნებას, 26 ოქტომბერს, მოსახლეობის ხმების დამაჯერებელი რაოდენობის მიღება შეუძლია, ვინაიდან ამერიკელების შრომის მიუხედავად, ოპოზიცია დაქსაქსული, ხოლო მის მიერ შექმნილი ალიანსები არამდგრადია. აშშ შიშობს, რომ არჩევნების შედეგები მმართველ პარტიას "სუვერენული კურსის გაგრძელებისა და დასავლეთის მოთხოვნების არშესრულების საშუალებას" მისცემს.

"თეთრი სახლისთვის ასეთი სცენარი მიუღებელია. აშშ არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას და ქართული ოცნების ელექტორატის შესუსტებას ეცდება". – წერია ანგარიშში. 

მსგავს ბრალდებას ივლისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიც (СВР) ამტკიცებდა. მაშინ რუსეთი ირწმუნებოდა, თითქოს აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის, ხოლო გეგმის მთავარი მოთამაშე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მათივე მტკიცებით, შესაძლოა იგეგმებოდეს რევოლუცია.

 

კომენტარები