რუსეთი-აზერბაიჯანი

პუტინი ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული თვითმფრინავის შესახებ განცხადებას არ გააკეთებს – პესკოვი

ვლადიმირ პუტინი და დმიტრი პესკოვი

7 თებერვალს, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

პესკოვი გულისხმობს ავიაკატასტროფას, რომელიც 2024 წლის 25 დეკემბერს მოხდა. Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. თვითმფრინავთან კავშირი რუსეთის საჰაერო სივრცეში დაიკარგა, ეკიპაჟმა კურსი შეცვალა, კასპიის ზღვას გადაუფრინა და ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში ავარიული დაშვება სცადა. მფრინავის მცდელობის მიუხედავად, თვითმფრინავი მიწას დაეჯახა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ასევე შეჯახების შედეგად მოხდა აფეთქება. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, მათ შორის ორივე პილოტი, გადარჩა 26 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.

ავიაკატასტროფიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავმა გაეთიშა GPS-ი, რაც სპეციალისტების ვარაუდით ნავიგაციის დამხშობი ელექტრო სიგნალით იყო გამოწვეული, რომელსაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა დრონების მოსაგერიებლად იყენებს. გარდა ამისა, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ეტყობა ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის კვალი, სავარაუდოთ რუსეთის საჰაერო თავდაცვას აზერბაიჯანული თვითმფრინავი უკრაინული დრონი ეგონა და ბორტს მიწა-ჰაერის ტიპის ჭურვი ესროლა.

5 თებერვალმა ყაზახეთმა ავიაკატასტროფის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თვითმფრინავის კორპუსში ნაპოვნია მეტალის ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ ჭურვის ნამსხვრევებს წარმოადგენს. გამოირიცხა თავდაპირველი ვერსია, თითქოს ბორტს ფრინველების ჯგუფი დაეჯახა.

იმავე გამოსვლაში კრემლი პრესსპიკერმა აზერბაიჯანში რუსული სახლის შესაძლო დახურვის შესახებაც ილაპარაკა:

"ძალიან ვწუხვართ ამ ამბავზე. ვთვლით, რომ გაუგებრობაა, რომლის დარეგულირება შესაძლებელია". 

6 თებერვალს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსულ სააგენტოს, როსსოტრუდნიჩესტვოს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთვის დაქვემდებარებული რუსული სახლის საქმიანობის შეჩერებას აპირებენ.

ეს ცნობა თავდაპირველად სახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს, შემდეგ კი შესაბამისი ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

კომენტარები