რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე ქართულ ოცნებას სთხოვს, რომ ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გაამარტივოს და ეს პროცესი მხოლოდ იდენტიფიცირების საფუძველზე მოხდეს.
ამის შესახებ ცეცხლაძემ ისაუბრა დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მან ვიდეოში თქვა, რომ წელს რუსეთში მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არ ჩაატარა და არც ჩაატარებს, მანამ, სანამ მოქალაქეობის გაცემა არ გამარტივდება.
"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის მოსკოვში ვაწარმოებდით და ორგანიზებას ვუწევდით დიდი ღონისძიებების, მასშტაბური ღონისძიების გამართვას, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილს. მაგრამ წელს ჩვენ გვინდა განცხადებით მოგმართოთ და გითხრათ, რომ ამიერიდან ჩვენ არ ჩავატარებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მანამ, სანამ არ გადაწყდება ქართველებისათვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა - საქართველოს მოქალაქეობის უპირობოდ მინიჭების პრობლემა. მანამ, სანამ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი არ იქნება დაინტერესებული საქართველოში ქართველების ინტეგრაციით, ქართველების დაბრუნებით, მანამ სანამ დამამცირებელი პროცედურებით, გამოცდებით, ბევრი უარის თქმით, გააგრძელებენ უარის თქმას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ ქართველებზე, ეთნიკურ ქართველებზე, ვისაც ამის სურვილი აქვს, მანამ სანამ არ გადაწყდება უპირობოდ მინიჭება ყოველივე პროცედურების გარეშე, მხოლოდ იდენტიფიცირების პროცედურის მეშვეობით, ეთნიკურ ქართველებზე, ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ჩვენ შევაჩერებთ ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, როგორიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ასევე სხვა ღონისძიებების გამართვასაც." - თქვა ცეცხლაძემ.
ამას გარდა, პუტინისტმა ბიზნესმენმა თქვა, რომ გააუქმა საქართველოში დაგეგმილი შეხვედრა.
"ასევე, ჩემი სამუშაო შეხვედრა, რომელიც იგეგმებოდა საქართველოში და მიუხედავად იმისა და მადლიერი ვარ ყველა იმ ორგანიზაციის, ყველა იმ პარტნიორის, მეგობრების, რომლებიც ძალიან ელოდნენ ქართული დიასპორის დელეგაციის ჩაბრძანებას თბილისში, ჩვენ უარს ვამბობთ ამ ვიზიტზე, რამეთუ ვთქვით, რომ არავისთან გვაქვს ჩვენ სასაუბრო, მანამ სანამ არ იქნება გადაწყვეტილი ეს პრობლემა." - თქვა ქართული დიასპორის პრეზიდენტმა.
"არანაირ კომისიას, არანაირ მთავრობას, არანაირ პრეზიდენტს და არავის არ აქვს უფლება, ეუბნებოდეს უარს ქართველს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა." - დაამატა ცეცხლაძემ.
ცეცხლაძის თქმით, წერილი გაუგზავნა რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს, მამუკა მერკვილაძეს. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს ბოლო მცდელობა, რომ საქართველოს მთავრობამდე ეს სათხოვარი მიიტანონ.
"ჩვენ დღეს მივმართავთ განცხადებით, წერილით, რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა მერკვილაძეს წერილით, სადაც გაწერილი იქნება დეტალურად, კიდევ ერთხელ, ის პრობლემები, რაც გვაწუხებს ქართველებს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი და მცდელობა, მივიტანოთ საქართველოს მთავრობამდე ამ საკითხის მნიშვნელობა, აქტუალურობა და მივაწვდინოთ ხმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ავტომატურად ეთნიკურ ქართველებზე იყოს მოგვარებული." - თქვა ცეცხლაძემ.
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მათ ამ თხოვნას, გაემარტივებინათ მოქალაქეობის გაცემა, ქართული ოცნება წლების განმავლობაში უგულებელყოფდა.
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოთმინება, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ამ წლების განმავლობაში, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით ბევრი საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში, რომელიც აწუხებდა ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს. ბევრი საკითხი იქნა რეალიზებული და გადაწყვეტილი, მაგრამ ეს საკითხი უკვე მეხუთე წელია, ყოველწლიურად, ჩვენი ყოველწლიური ფორუმის და ყველა სხვა საზოგადოებრივი პლატფორმის აქტუალური თემაა და წელსაც რეზოლუციაში, 12 მაისს ეს პუნქტი იქნა გადმოტანილი და ხელახლა მიღებული, რომ საქართველოს მოქალაქეობა ეთნიკურ ქართველს უნდა მიენიჭოს ავტომატურად.
ძალიან გთხოვთ, მივმართავ საქართველოს მთავრობას, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიგონოთ ჩვენი ხმა, გაითვალისწინოთ ყველა გარემოებები და იდენტიფიცირების პროცედურის თანახმად, ყოველგვარი სხვა პროცედურების გარეშე მიიღეთ გადაწყვეტილება ეთნიკურ ქართველზე საქართველოს მოქალაქეობის გაცემის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ჩვენ გავუგზავნით ოფიციალურ წერილს ბატონ მამუკა მერკვილაძეს და შევთავაზებთ მას ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იმ საკითხების განხილვაში, რომელიც უკვე 5 წლის განმავლობაში არაერთხელ გვქონია მსჯელობა, არაერთხელ მიგვიღია ჩვენი თანამემამულეებისგან უამრავი შეტყობინება და წერილი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მისი შუამდგომლობით ეს საკითხი ამჯერად გადაწყდება." - თქვა მიმართვაში პუტინისტმა ბიზნესმენმა.
პუტინისტი ბიზნესმენის მტკიცებით, მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უბრალოდ კალენდარული დღე არაა.
"ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ კალენდარული დღე და ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის უბრალოდ ლოზუნგი." - თქვა პუტინისტმა ბიზნესმენმა.
რამდენიმე თვის წინ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული იგორ გიორგაძე ქართული ოცნებისგან მსგავსად ითხოვდა, რომ ქართული წარმოშობის მქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივებულიყო. მას ასევე სურდა, რომ ქართული პასპორტების გაცემა გამარტივებულიყო იმ უცხოელი პირებისთვისაც, ვისი ოჯახის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.





