რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰეგსეთი დრონების გამოყენებაზე: უკრაინისგან ბევრი ვისწავლეთ, ეს ნამდვილად არის ჩვენი ფოკუსი

პიტ ჰეგსეთი
NPR

აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ აშშ-მ დრონების გამოყენების მხრივ უკრაინისგან ბევრი ისწავლა და მათი გამოცდილების შესწავლას განაგრძობს. მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ უკრაინას თავის დაცვა შეეძლოს და საამისოდ დაეხმარება.

ჰეგსეთის თქმით, აშშ-ს სურს, რომ დრონების სფეროში საუკეთესო იყოს და პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტი ამ მიმართულებით 56 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მანვე დაამატა, რომ სამომავლოდ ომის დეპარტამენტი ამ მიმართულებას მეტ ყურადღებას დაუთმობს. 

ამის შესახებ ჰეგსეთმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ილაპარაკა

"პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტში დრონების მხრივ უპირატესობის მოსაპოვებლად $56-მილიარდიანი ინვესტიციაა გამოყოფილი. ასევე, ვაგრძელებთ სწავლას იმისგან, რაც უკრაინას საბრძოლო ველზე გაუკეთებია. მხოლოდ დახვეწილი სისტემები არ არის მთავარი, მთავარია [წარმოების] მასშტაბის ზრდის უნარი, მასშტაბის ზრდა სწრაფად და კვირიდან კვირამდე ადაპტაცია. დრონების ტექნოლოგია ამდენად სწრაფად იცვლება. ჩვენ ორივე უნდა გვქონდეს: დახვეწილი სისტემებიც უნდა გვქონდეს, რომლებსაც იმის გაკეთება შეუძლია, რაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია, თუმცა ასევე გაცვეთადი კომპონენტიც, რომელიც ორივე მხარისთვის საკმაოდ ეფექტური გამოდგა.

ბევრი ვისწავლეთ უკრაინისგან და იმისგან, თუ როგორ მოქმედებენ. ამიტომ, ეს ნამდვილად არის ჩვენი მიმართულების ფოკუსი. ვაპირებთ, რომ ამ სფეროში არა მხოლოდ გავუთანაბრდეთ, არამედ მსოფლიოში საუკეთესოები ვიყოთ. ვფიქრობ, სამომავლოდ ჩვენი დეპარტამენტისგან ამგვარ ინვესტიციებს იხილავთ". - თქვა ჰეგსეთმა.

ჟურნალისტის კითხვას, გააფართოებს თუ არა თუ არა აშშ უკრიანისთვის "პატრიოტის" ტიპის რაკეტების მიწოდებას, ჰეგსეთმა თქვა, რომ ამერიკა სამხედრო აღჭურვილობის დამზადების პროცესს ცვლის, რათა მეტის წარმოება შეძლოს, ხოლო აშშ იპოვის გზას, რომ უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს. 

"ვცვლით იმას, თუ როგორ ვამზადებთ ამ სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვან აღჭურვილობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი კომპანიები არა ოდნავ მეტს, არამედ გაცილებით მეტს აწარმოებენ. სადაც შეგვიძლია უკრაინის დახმარება, დავხმარებივართ და სადაც შეგვიძლია, მივცეთ საშუალება ევროპას, რომ მეტი გააკეთოს, გაგვიკეთებია ეს. ევროპის მხრიდან ერთგულება მამხნევებს. თუ შეხედავთ [თავდაცვის] ხარჯებს, ევროპამ ისინი გაზარდა, ხოლო უკრაინა ამ პროცესში მსგავსად ეფექტურია, შესაძლოა მეტადაც კი. ასე რომ, ჩვენ გვსურს, რომ მათ თავის დაცვა შეეძლოთ და ვიპოვით გზას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამაში დახმარებას შევძლებთ". - თქვა ჰეგსეთმა. 

კომენტარები