სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს.
"[ОДКБ-ს] დავტოვებთ. გადავწყვეტთ, როდის". - თქვა ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის საათის მიმდინარეობისას ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე პასუხად.
"და რა გგონიათ? რა არის შემდეგი ნაბიჯი? გგონიათ უკან დავბრუნდებით? არა, სხვა გზა არ არსებობს. არ ინერვიულოთ, უკან არ დავბრუნდებით". - თქვა ფაშინიანმა.
მიმდინარე წლის 8 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეუჩერა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერება დააანონსა და ბიუჯეტში თანხის შეტანაზე უარი თქვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთს ორგანიზაციასთან ფინანსური ვალდებულებები კვლავ გააჩნია.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.