ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს სოფელ ჩორჩანას მაცხოვრებელი, ალექსანდრე ლომიძე გამოკითხეს. ლომიძემ თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, საქართველომ 120 ჰექტარი ტყე დაკარგა.
"საგუშაგოს ჩადგმამდე, ჩვენ ტყით ვსარგებლობდით. მდინარემდე ჩავდიოდით და ხმას არავინ გვცემდა. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ კი სადღაც კილომეტრნახევრით ზემოთ ამოვიდნენ რუსები დავარქვათ, თუ ვინც არიან, და თავისი დროშები აღმართეს [...] სადღაც, 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ - ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე". - თქვა ლომიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
ამ საქმესთან დაკავშირებით, დღესვე, 18:00 საათზე, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილიც არის დაბარებული.
გარდა ამისა, ამ დრომდე, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით უკვე გამოკითხნენ ივანიშვილის ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ივანიშვილის ყოფილი დეპუტატი, კახი კახიშვილი და ივანიშვილის მოქმედი დეპუტატი, ალექსანდრე ტაბატაძე.
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.
გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან ერთად, 16 ივნისს წულუკიანმა განაცხადა, რომ გახარიას კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ გამოკითხავენ. საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.





