რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბუდანოვი: ზელენსკიმ დაგვავალა, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ვცადოთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა განკარგულება, რომ რაც შეიძლება მალე სცადონ რუსეთთან ომის დასრულება.

"ეს პრეზიდენტის დავალებაა - რაც შეიძლება სწრაფად ვეცადოთ ამ ომის დასრულებას. სასურველია, ეს ზამთრამდე მოხდეს. მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა დასახა. ეს მიზანი სრულიად სწორი, დროული და გააზრებულია." - თქვა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს, თუმცა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა შეთანხმებების შესრულებაზე უარი თქვას.

ამასთან, მან დაამატა, რომ უკვე არსებობს "საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები".

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მესამე ქვეყანაში, თუმცა მხოლოდ ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებების ხელმოსაწერად. ამავე დროს, პუტინმა თქვა, რომ "უკრაინის კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის".

12 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასასრულს უახლოვდება, სამშვიდობო პროცესში არსებული "მიღწევებითა" და აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე ძალისხმევით ახსნა, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

29 მაისს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოახლოების შესახებ დასკვნა საბრძოლო ველზე არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე გამოიტანა.

გასულ თვეებში რუსეთი, მშვიდობის წინაპირობად, უკრაინისგან ითხოვდა ჯარი გაეყვანათ დონეცკის ოლქის გამაგრებული რაიონებიდან. კიევი მსგავს ნაბიჯზე უარს ამბობს. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, რომლებიც აშშ-ს შუამავლობით მიმდინარეობდა, ბოლო თვეებში შეჩერებულია.

კომენტარები