პოლონეთი-უკრაინა

მორავიეცკი ზელენსკის: პოლონელებს შეურაცხყოფა აღარასდროს მიაყენო

REUTERS/Alina Smutko/File Photo

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, პოლონელებს შეურაცხყოფა აღარასდროს მიაყენოს

"მე... მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს გააკეთა ცოტა ხნის წინ გაეროში სიტყვით გამოსვლისას". - თქვა მორავიეცკიმ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის საკითხზე დაძაბულობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა. მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარია. კერძოდ, უკრაინული მარცვლეულის აკრძალვის შემდეგ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის შესახებ ირიბად აღნიშნა, რომ შესაძლოა "ზოგიერთი ქვეყანა ევროპაში რუსულ თამაშს თამაშობდეს".

მატეუშ მორავიეცკის შეფასებით, ეს სიტყვები "ორმაგად უსამართლოა", რადგან მისი თქმით, გერმანია სწორედ პოლონეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა, უკრაინის მხარდაჭერა გაეზარდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერმა "ძალიან ზუსტი" უწოდა პრეზიდენტ ანდჟეი დუდას სიტყვებს, რომ "რაღაცით უკრაინა ჰგავს კაცს, რომელიც იხრჩობა და ფსკერისკენ მიათრევს საკუთარ მაშველს". 

21 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, სანაცვლოდ პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებაზე გაამახვილებს.

პრემიერმინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. ინტერვიუში ტელეარხ TVN24-თან ქვეყნის პირველმა პირმა ასე ილაპარაკა:

"პრემიერმინისტრის სიტყვები ძალიან არასწორად აღიქვით. ჩემი აზრით, პრემიერმინისტრმა იგულისხმა: ჩვენ არ ვაპირებთ, უკრაინას მივცეთ ახალი იარაღი, ის იარაღი, რომელსაც ახლა პოლონური ჯარისთვის ვყიდულობთ".

კომენტარები