პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის თქმით, ის უკრაინაში ვიზიტსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
"რა თქმა უნდა, შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში. მე ყველა მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, როგორც პრეზიდენტი". - თქვა ნავროცკიმ.
კითხვაზე, სურს თუ არა ზელენსკისთან საუბარი, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტთან "საუბარი მოუწევს".
"მე მასთან საუბარი მომიწევს. პოლონეთსა და უკრაინას ბევრი საერთო ინტერესი და საერთო მიზანი აქვთ. ასევე, არის ისეთი საკითხები, რაც დღემდე არ არის ახსნილი და არ პასუხობს პოლონელების საჭიროებებს ან პოლონელების ემოციებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონის საკითხებს, პარტნიორული კუთხით უნდა მივუდგეთ, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად". - თქვა ნავროცკიმ.
გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შესახებ ისაუბრა.
"დღეს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ის საომარ მდგომარეობაშია. მე წინააღმდეგი ვარ უკრაინის ევროკავშირში უპირობო გაწევრიანების. ბევრი ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთი წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მათი კონკრეტული მოლოდინების დაკმაყოფილებას ცდილობდა". - თქვა ნავროცკიმ.





