18 სექტემბერს პოლონეთის სამხედრო დელეგაცია ვიცეპრემიერის და თავდაცვის მინისტრის ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ხელმძღვანელობით კიევში ჩავიდა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან და რუსეთის აგრესიის ფონზე თავდაცვით თანამშრომლობას, უკრაინის მხარდაჭერასა და უსაფრთხოების ვითარებას განიხილავენ.
კვირის დასაწყისში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლონელი ოფიციალური პირები ქვეყანას რუსეთის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გასაცნობად ეწვეოდნენ.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე პოლონელი და უკრაინელი სამხედრო სპეციალისტები დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების გამოყენების ერთობლივ წვრთნებს გაივლიდნენ.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.





