უკრაინა-პოლონეთი

პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ გაუგზავნის – მატეუშ მორავიეცკი

განახლება: დღის ბოლოს პოლონეთის პრემიერმინისტრის კანცელარიის მდივანმა, პიოტრ მიულერმა თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა გააგრძელებს უკრაინისთვის გეგმით გათვალისწინებული სამხედრო დახმარების მიწოდებას. მისი თქმით, უკვე არსებული კონტრაქტები ბოლომდე შეესრულდება. 


პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის. მატეუშ მორავიეცკის თქმით, სანაცვლოდ, პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე გაამახვილებს.

პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის საკითხზე დაძაბულობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა. მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარია. კერძოდ, უკრაინული მარცვლეულის აკრძალვის შემდეგ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის შესახებ ირიბად აღნიშნა, რომ შესაძლოა "ზოგიერთი ქვეყანა ევროპაში რუსულ თამაშს თამაშობდეს". მატეუშ მორავიეცკის შეფასებით, ეს სიტყვები "ორმაგად უსამართლოა", რადგან მისი თქმით, გერმანია სწორედ პოლონეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა, უკრაინის მხარდაჭერა გაეზარდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერმა "ძალიან ზუსტი" უწოდა პრეზიდენტ ანდჟეი დუდას სიტყვებს, რომ "რაღაცით უკრაინა ჰგავს კაცს, რომელიც იხრჩობა და ფსკერისკენ მიათრევს საკუთარ მაშველს". 

ასევე, 20 სექტემბერს გამოცემა Business Insider-მა პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, პეტრ მიულერის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლიდან პოლონეთმა შესაძლოა უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყვიტოს.

"შეგახსენებთ, რომ დახმარების პროგრამა დროებითი და მისი ვადა მომდევნო წლის დასაწყისში სრულდება. არაფერია მუდმივი". – განაცხადა მიულერმა.

2023 წლის მაისში ევროკავშირის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა საშუალება მისცა პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომ აეკრძალათ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. შემდგომში, ევროპულმა კომისიამ ეს შეზღუდვა სპეციალურად უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის მოხსნა, თუმცა ამ ქვეყნებს იმპორტი არ დაუშვიათ - აკრძალულია უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და მათგან წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. 

უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი საკუთარი ეკონომიკის და ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. 

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო უჩივლებს.

კომენტარები